დაიბარებს თუ არა “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს წულუკიანის კომისიაზე? – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გვარი დღეს სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა “ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერების, სალომე სამადაშვილის და ანა ნაცვლიშვილის გვარებს შორის დაასახელა და სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ისინი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
“ოცნების” მინისტრმა ასევე ისაუბრა “ევრონესტის” რეზოლუციაზეც და სწორედ ამ კონტექსტში დაასახელა მან ოპოზიციონერი ლიდერების – გიორგი ვაშაძის, ანი წითლიძის, გიორგი ბოტკოველის და თამარ კორძიას გვარები.
მაკა ბოჭორიშვილს არც არასამთავრობო ორგანიზაციები დავიწყებია – მინისტრმა თქვა, რომ მესამე სექტორი იმაზე უფრო ნეგატიურ ანგარიშებს წერდა, ვიდრე ევროკომისია.
ყველას კარგად გახსოვთ, განსაკუთრებით ნაცვლიშვილი, სამადაშვილი ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა. მე მახსოვს ნაცვლიშვილის ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე, რამდენჯერ იხმარა შავი ხვრელი. ალბათ, არ შეიძლება არ ითქვას სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც აქტიურად გამოიყენეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ესეც ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ის ყოფილიყო ერთადერთი ლეგიტიმური.
ინიცირება მსურდა გამეკეთებინა რეზოლუციისთვის, რომელიც “ევრონესტის” ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. ტექსტი იყო სამ ქვეყანაზე მორგებული – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. შეეხებოდა სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა საკმაოდ ძლიერი გზავნილი იყო საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ამ ტექსტს სჭირდებოდა სამი ქვეყნსი დელეგაციის თანხმობა ან 10 ხელმოწერა. ქართულ ოცნებას მაშინ იქ ჰყავდა მხოლოდ 5 დეპუტატი დელეგაციაში. მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის სხვა წევრების, ესენი იყვნენ ვაშაძე, წითლიძე, ბოტკოველი და კორძია, მათი ხელმოწერები, იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია “ევრონესტს” მიეღო და მათთან ორდღიანი თხოვნის და შეთავაზების მიუხედავად, მათ ეს არ გააკეთეს. “ევრონესტის” შეხვედრა დასრულდა იმ რეზოლუციის გარეშე, რომელიც ევროპარლამენტთან ერთად კიდევ ერთხელ იტყოდა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელბიც პოზიციონირებდნენ ევროპულ სცენაზე, წერდნენ იმაზე უფრო ცუდ ნეგატიურ ანგარიშებს, ვიდრე ევროკომისია აფასებდა ჩვენს ქვეყანას” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაბარება გუშინ არც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა.