,,დაგროვებითი პენსიის როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა მინიმალურია”

როდესაც ინვესტიციები არის გათვლილი გრძელვადიან პერიოდზე, დანაკარგის ალბათობა მინიმალურია – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საპენსიო რეფორმის განვითარების რისკებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ალბათობა, რომ ბაზარზე აქტივის ფასები ან შემცირდეს ან გაიზარდოს, თუმცა ასეთ ვითარებაში გამოსავალი ეროვნული ბანკის კონტროლი და სწორი გადაწყვეტილებებია.

„შეიძლება, რაღაც პერიოდში შემცირდეს აქტივების ფასები, მაგრამ მომავალში გაიზრდება. მთავარია, რომ გადაწყვეტილება იყოს სწორად მიღებული. გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა იყოს დარღვევა, ამას ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი აქტივის ფასი მხოლოდ გაიზრდება, ასეთი რაღაც მსოფლიოში არ ხდება, გარკვეული მერყეობა გააჩნია, მაგრამ საინვესტიციო საბჭო ამ თანხებს ისე უნდა მართავდეს, როგორც განახორციელებდა საკუთარი თანხების ინვესტირება. ეს უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო პრაქტიკას. ანუ, თუ საბაზრო ფაქტორების გამო და ბუნებრივია, საბაზრო მერყეობა არის და იქნება, ფასი შეეცვალა მოკლევადიან პერიოდში ფონდს, ეს ნორმალურია რადგან გრძელვადიან პერიოდში ეს გამოსწორდება და მოგებას მიიღებს თუ ეს საბაზრო ფაქტორების გამო მოხდა, მაგრამ თუ ეს არ მოხდა არსაბაზრო ფაქტორების გამო ან იყო არასწორი პროცედურები, ამ შემთხვევაში, ჩაერთვება სხვა მექანიზმები და იმ საინვესტიციო საბჭოს წევრების მიმართ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“ – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

რაც შეეხება, საპენსიო სისტემის სტრუქტურას და იმ ორგანოს, რომელიც რეფორმის განხორციელების პროცესში რისკების დაზღვევაზე იმუშავებს, დღეს, დაგროვებითი პენსიის სისტემის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ იქმნება ახალი ორგანო – საპენსიო სააგენტო, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომელიც ადმინისტრაციულ საკითხებსა და სისტემის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი. საბჭო შედგება ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრისგან და საბჭოს თავმჯდომარისგან. სავარაუდოდ, თავმჯდომარეს სწორედ ამ სამი წევრიდან აირჩევენ – ეს რეგულაცია ჯერჯერობით კანონში ნათლად არ არის გაწერილი. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მას საინვესტიციო ნაწილში სამეთვალყურეო ფუნქცია აქვს. ის დააკვირდება საინვესტიციო საბჭოს ფუნქციონირების პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში. თუმცა ბანკი მხოლოდ პროცედურულ ნაწილს გააკონტროლებს.

რაც შეეხება საინვესტიციო საბჭოს, ის პასუხისმგებელი იქნება მთლიანად საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელიც ხუთი დამოუკიდებელი წევრისგან შედგება. საბჭოს წევრები შესაძლებელია იყვნენ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ შეარჩევს კომისია და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. საინვესტიციო საბჭო დამოუკიდებლად განახორციელებს ინვესტირებას. საბჭო იმოქმედებს მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე.

banner
წინა სტატიაშიენმ საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე არჩილ თალაკვაძეს ვიცე-მერის თანამდებობას სთავაზობს