პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა, დინამიკა დადებითია:
„პაციენტი შემოყვანილია დღეს დილით, დაახლოებით 06:30 საათზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ – ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული“,- განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა – მან ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და ფილტვის დაზიანებით ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ინფორმაციას კლინიკაში გადაყვანის შესახებ შსს ავრცელებს.
შსს-სვე ცნობით, რიჟვაძის მდგომარება სტაბილურად მძიმეა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის გამო ერთი პირი, ალექს ახვლედიანია დაკავებული.
















