დაბა მესტიაში,უშგულსა და ლენჯერში მკაცრი რეგულაციები წესდება

ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები დაწესდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. გარდა ამისა, წესდება შეზღუდვები დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

„ინფიცირებულთა კონტაქტების ფართო წრის გათვალისწინებით, მათ შორის დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

ასევე წესდება შეზღუდვები დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 17 მესტიაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1250 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1010 გამოჯანმრთელდა, 17 კი, გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – 2020 წლის არჩევნები არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ის ქვეყნის გამარჯვება იქნება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ომზე- ვიხილეთ ეროვნული სირცხვილი, მიწაზე განრთხმული მთავარსარდალი