„დააშრე ჭაობი“ – „გირჩი“ ახალ კამპანიას იწყებს

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მათი ცენტრი იწყებს ახალ კამპანიას „დააშრე ჭაობი“. ამის შესახებ ჯაფარიძემ „გირჩის“ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ ნაბიჯი არ გადადგა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა.

„2017 წელს ხელისუფლებას მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაეტარებინა იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე პოზიტიური ძვრები ყოფილიყო. პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა გადაედგა ნაბიჯი ბიუროკრატიისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებისკენ, რაც ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაიძრას. თუმცა ნაცვლად ამისა, ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საპირისპირო მიმართულებით წასულიყო და აქციზზე ფასები გაეზარდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის თამბაქო, ალკოჰოლი, მათ შორის ტრანსპორტი და ა.შ.“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, „გირჩი“ ახალ კამპანიას იწყებს, რაც სახელმწიფო სტრუქტურების ერთი ნებისმიერი თანამშრომლის სამუშაო დღეზე დაკვირვებას გულისხმობს.

„ჩვენ ვიწყებთ კამპანიას სახელწოდებით „დააშრე ჭაობი“, რომელიც შემდეგში მდგომარეობს, ჩვენ პერიოდულად ჟურნალისტებთან ერთად, სხვადასხვა სტრუქტურებს ავარჩევთ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ანუ მოქალაქეების ჯიბიდან და შემდეგ მივმართავთ თხოვნით ხელისუფლებას, რომ ამ სტრუქტურებიდან ერთი ნებისმიერი თანამშრომელი აარჩიოს და ჩვენ საშუალება მოგვეცეს, რომ ამ ადამიანის ერთ სამუშაო დღეს დავაკვირდეთ. ასევე, გადავიღოთ და შემდეგ მოქალაქეებს ვაჩვენოთ, როგორ მუშაობს სახელმწიფო ბიუროკრატია“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ეს კონკრეტული კამპანია შოუ არ არის. კამპანიის მიზანია, რომ მოქალაქეებს დაანახონ, გაზრდილი გადასახადების გადახდა და გაზრდილ ფასებში ცხოვრება რატომ უწევთ.

banner
წინა სტატიაში“მთავრობამ საშინაო ვალის აღების ახალი სეზონი გახსნა. კომერციული ბანკებისაგან 40 მილიონი ლარი ისესხა”
შემდეგი სტატიაექიმის განმარტებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია