დ.ღ.-ს მამა – აქამდეც არ უნდა გაეჩერებინათ ბავშვი, აქამდეც შეიძლებოდა გირაოთი გაეშვათ

აქამდეც არ უნდა გაეჩერებინათ ბავშვი, ეს 6 თვე არ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც იყო, აქამდეც შეიძლებოდა გირაოთი გაეშვათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს მამამ, კახა ღლონტმა მისი შვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები არ არსებობს და დ.ღ. უდანაშაულოა.

„ადრე თუ გვიან, მაინც ველოდებოდი გათავისუფლებას, უნდა გაეშვათ.რაც შეეხება, დღევანდელ გადაწყვეტილებას, არასრულწლოვნები უკვე დაიკითხნენ და ამის გამო გაათავისუფლეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროცესები გაჩერდება”, – განაცხადა ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი დ.ღ. დღეს სხდომათა დარბაზიდან 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათაცისუფლეს. მას ექვსთიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ივლისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ხელფასზე უარს ამბობს და მას სპეციალურ ფონდში გადარიცხავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მოსამართლეთა სიაზე – ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი