ცვლილებების ინიცირება, აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებების ინიცირება, აუცილებელი და გარდაუვალი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. პრემიერმა საკონსტიტუციო კომისიაზეც ისაუბრა.

„2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ქვეყნამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახლდათ შეტანილი. და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ამიტომ, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი პოზიციისა და არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო, მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი, ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, რომლის მხრიდანაც წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული.“ – თქვა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებები საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებითაც შევიდა და ოპოზიცია ცდილობს დაუპირისპირდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ყველა ეს ნაბიჯი ჩვენმა ხელისუფლებამ და სახელისუფლო გუნდმა გადადგა რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარების მიზნით და ამას გარდა პოლიტიკური კონსესუსის მიღწევის მიზნით. ასე, რომ რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ – პროცესს, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული და უფრო მეტიც, ჩემი აზრით – უსამართლო.“ – ამბობს კვირიკაშვილი.
პრემიერმა მიმართა საზოგადოებას, რომ კარგად გაიაზრონ მიღწევების ფასი და კარგად შეხედონ პროგრესს.
„ მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ვთხოვო, კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ, თუ რამხელა მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი და კარგად შეხედონ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყანაში ხელისუფლების დაბალანსების და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით. მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები გახლავთ უდიდესი ნაბიჯი, გადადგმული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.“ – განაცხადა პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. 115 მომხრე, 0 – წინააღმდეგი. რიგგარეშე სხდომაზე რეგისტრაცია სულ 115 დეპუტატმა გაიარა, მათგან 114 – ქართული ოცნების წევრი იყო, ხოლო ერთი – დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის უახლოესი გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელი კიდევ ერთ სკანდალურ საქმეში გამოჩნდა
შემდეგი სტატიასირიის დაყოფა დაიწყო, რუსეთი ყაზახეთისა და ყირგიზეთის ჩართვას ითხოვს