ცვლილებები კონსტიტუციაში-არასამთავარობოთა ალტერნატიული პროექტი

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტს სთავაზობენ. სამოქალაქო სექტორის ნაწილმა განცხადება შეთავაზებასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განმარტა, ისინი წარმოადგენენ ორ ვარიანტს – პირველი ვარიანტი ითვალისწინებს 3%-იან ბარიერს, ხოლო მანდატებს პროპორციულად გამარჯვებული პარტიისთვის მცირედი უპირატესობის მინიჭებით ანაწილებს.

მეორე ვარიანტი კი უფრო სტაბილურობის მიმართულებით არის გადახრილი და 3%-იან ბარიერთან ერთად ითვალისწინებს გაუნაწილებელი მანდატებიდან გამარჯვებული პარტიისთვის იმდენის გადაცემას, რამდენიც მას სჭირდება საკუთარი პარტიისთვის 80 დეპუტატის შევსებას. დარჩენილი მანდატები კი სხვა პარტიებს შორის პროპორციულად განაწილდება.

„შემოთავაზებული ცვლილებები მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურია იმ აზრით, რომ აუქმებს მაჟორიტარულ სისტემას და გადადის პროპორციულ სისტემაზე, გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი ძალიან დიდ უსამართლო უპირატესობას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, ამდენად, ჩვენ კომისიის წევრების ერთმა ნაწილმა გადავწყვიტეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებზე გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, გავერთიანდეთ ამ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც განსაზღვრავს მთლიანად კონსტიტუციის სტრუქტურას, ძალაუფლების ბალანსს და შევთავაზოთ ალტერნატივა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პირველი ალტერნატივა ეს არის 3%-იანი ბარიერი, ანუ ბარიერის 3%-მდე დაწევა და მანდატების პროპორციულად განაწილება, რაც მცირედ უპირატესობას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, თუმცა ეს არ არის ისეთი დრამატული, როგორიც შემოთავაზებულია. მეორე ალტერნატივა არის ის, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას შეევსება მანდატები 80 დეპუტატამდე იმისთვის, რომ დააკომპლექტოს მთავრობა და ეფექტურად განახორციელოს ხელისუფლება. ამდენად მიგვაჩნია, რომ ამათი გათვალისწინება არსებითად გააუმჯობესებს და უფრო მეტად დემოკრატიულსა და დაბალანსებულს გახდის კონსტიტუციის იმ პროექტს, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო “დედამიწის დღეს” აღნიშნავს
შემდეგი სტატიაპრემიერი: სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე შეთანხმება მიღწეულია