ჩვენ გვინდა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის – ახლა არის დიდი ალიანსების შექმნის დრო და საქართველო უნდა იყოს ძლიერ პარტნიორებთან ერთად – ამათში უძლიერესი არის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კონგრესის თანამშრომლები საქართველოში არსებულ ვითარებაზე კარგად არიან ინფორმირებული.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე „MEGOBARI აქტიც“ იყო „ნახსენები“.
„გვქონდა შეხვედრა კონგრესის თანამშრომლებთან. კარგად იყვნენ ინფორმირებულები, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ჩვენი შეხედულებები ვუთხარით. მთავარი მხარდაჭერა, რაც ჩვენ შეერთებული შტატებისგან გვინდა, არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა, საქართველოში დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამაში შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ჩვენი მხარდამჭერი, სტრატეგიული პარტნიორი. ეს სტრატეგიული პარტნიორობა „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და ამიტომ აღმოვჩნდით იქ, სადაც ვართ. ჩვენი სურვილი და გეგმაც, რა თქმა უნდა, არის ის. რომ ამ ქვეყანაში აღდგეს ის ურთიერთობები, რაც გვქონდა, მაგრამ ეს ვერ მოხდება „ქართული ოცნების“ პირობებში. ჩვენ გვინდა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის. ახლა არის დიდი ალიანსების შექმნის დრო და საქართველო უნდა იყოს ძლიერ პარტნიორებთან ერთად. ამათში უძლიერესი არის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები,“ – განაცხადა ცუცქირიძემ.















