ცუცქირიძე ჩხრეკებზე: მთავრობა იქცევა რუსული თამაშის წესებით

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჩატარებულ ჩხრეკებს გამოეხმაურა და მისივე თქმით, ეს მთავრობის მხრიდან რუსული თამაშის წესებია. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

ცუცქირიძის თქმით, ხელისუფლებამ თბილისსა და რეგიონებში მხარდამჭერები დაკარგა და ასევე, “მან დაკარგა მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სექტორში, მათ შორის, იმ ადამიანებშიც, რომლებიც გუშინ თავის შეკრებაზე ჩამოიყვანეს”.

ძლიერი საქართველოს წევრი სოლიდარობას უცხადებს მკვლევრებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, რომლებიც დღეს გაჩხრიკეს.

“მთავრობა ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ მარტო დარჩა, ამის შედეგად მათ დაკარგეს ნორმალური განსჯის უნარი და ლოგიკურად ქცევის შესაძლებლობა.

მე მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ მკვლევარების, ჟურნალისტების, აქტივისტების მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც ისინი ახლა ატარებენ ჩხრეკებს და ისინი [მთავრობა] ცდილობენ მათ დაშინებას.

ისინი [ქართული ოცნება] იქცევიან რუსული თამაშის წესებით, სადაც სიმართლის თქმა დანაშაულად ითვლება რუსული კანონებით, სადაც სამოქალაქო საზოგადოება მტრად მიიჩნევა. ისინი ცდილობენ შეაშინონ ყველა დანარჩენი, მაგრამ ეშლებათ მთავარი, რომ ეს არ არის რუსეთი, ეს არის საქართველო, ეს არის ქართველი ხალხი და ეს არის ქართველი ერი. როცა არჩევანი დგებოდა მორჩილებასა და თავისუფლებას შორის, ქართველი ყოველთვის ირჩევდა თავისუფლებას, ყოველთვის იბრძოდა ამისათვის.

მე მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ყველა კოლეგას, იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ ქართული ოცნების დასკვნითი აქტის აბსურდი. ჩვენ დავიცავთ ყველა მართალ ადამიანს, მოქალაქეს და დავიცავთ ყველა თქვენს ხმას”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

24 ოქტომბერს, თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ფინანსური პოლიცია შევიდა. ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ – 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.

ასევე, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი სთენდაფერ ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლიც გაჩხრიკა.

გარდა ამისა, ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლიც გარჩხრიკეს. ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებდა. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ გაჩხრიკეს Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლებიც, რომლებიც საქმესთან არ არიან კავშირში. საუბარია სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილზე.

banner
წინა სტატიაშიჩხრეკა 3 სავარაუდო ე. წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა… ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია
შემდეგი სტატიასანიკიძე ჩხრეკებზე: მსგავსი რეპრესიები მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი სრულ ისტერიკაშია