ცრუ შეტყობინების საქმეზე ვარდოსანიძე სუს-მა გამოკითხვაზე გადაიყვანა | გაჩხრიკეს სახლი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა. უწყება ამბობს, რომ ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოიკითხება. ის ულტრამემარჯვენე, ძალადობრივ “ალტ ინფოსთან” დაკავშირებული პირია.

უწყება ამბობს, რომ კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები.

“კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა გაგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები. საქმეზე გრძელდება გამოძიება”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითიბისის ტექსკოლას 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს
შემდეგი სტატიატელეკომპანია “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს