ცქიტიშვილი – ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, არამხოლოდ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლების, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 15:55

ცქიტიშვილი – ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, არამხოლოდ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლების, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე

შეზღუდვები დაწესებულია იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც გვქონდა. ვხედავთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან სამი კვირის თავზე გვაქვს თვალსაჩინო შედეგები, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 24 დეკემბრამდე გახდება ცნობილი, თუ რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნება ქვეყანაში.

„ვხედავთ, თუ რა დინამიკაა უცხოეთში, როგორ ხდება თუნდაც, თითქოს ჩაწყნარებული ვითარების ე.წ. მესამე ტალღის დაწყებაც კი. თუნდაც გუშინ ვნახეთ, თუ რა დამატებითი ინფორმაცია მოვიდა ბრიტანეთიდან, ახალი შტამი, ვირუსის ახალი მუტაციაა და გვაქვს უკვე სახეზე ის შეზღუდვები, რომელსაც ევროპის ქვეყნები აყენებენ ბრიტანეთიდან რეისებთან დაკავშირებით. ამას ვამბობ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, რომ ეს ვითარება მუდმივად დინამიურია. სამწუხაროდ, პანდემია ხასიათდება სწორედ იმით, რომ ის არაპროგნოზირებადია. ეს განსხვავდება მთავრობის პროგრამისგან და ბიუჯეტის პროგრამისგან, რომელიც ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავგეგმოთ. ამ შემთხვევაში, ყოველდღიურად ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ. ამდენად, ჩვენ ჯერ კიდევ კონსულტაციებს გავდივართ ეპიდემიოლოგებთან.

ჯერ კიდევ ვაკვირდებით იმ ვითარებას, თუ რა ხდება უცხოეთში, ვინაიდან უცხოეთი ჩვენთან დაკავშირებულია, როდესაც ფრენები გახსნილია. ეს ვითარება ყურადსაღებია. ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. ნებისმიერი გადაწყვეტილება ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნის ან დაწესებასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ ბევრი ადამიანის ყოფაზეც, ცხოვრებაზეც და სიცოცხლეზეც აისახება. მოდით, ნუ ავჩქარდებით, ეს შეიძლება არ იყოს 21 ან 22 და იყოს 23 რიცხვი, მაგრამ 24 დეკემბრამდე ზუსტად გვეცოდინება, რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 15:55