ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმზე-აღიარონ, რომ ვერ ახორციელებენ პროექტს

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი მოუწოდებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, აღიარონ, რომ პროექტის განხორციელება არ შეუძლიათ.

“აღიარონ, რომ ვერ ახორციელებენ ამ პროექტს, მისცენ სახელმწიფოს საშუალება, ყოველგვარი დავის გარეშე გადავიდეს პროექტის შესრულების შემდეგ ფაზაზე,” – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ კონსორციუმს არ აქვს რესურსი, მოიზიდოს სათანადო ინვესტიციები:

“აქ არ არის მხოლოდ ახალი ინვესტორის მოზიდვაზე საუბარი, აქ საუბარი იმაზე, რომ 600 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მთლიანობაში ნასესხები, თუ საკუთარი ფულის სახით, არის განსახორციელებელი, რათა ეს პროექტი დაიწყოს. სამწუხაროდ, ამის განხორციელების რესურსი კონსორციუმს არ აქვს.”

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, შეიძლება კონსორციუმი პროექტიდან გავიდეს, რაც ავტომატურად არ ნიშნავს მის ჩაშლას.

15 ოქტომბერს სახელმწიფომ ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა – სწორედ წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს კონსორციუმმა შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე. ანაკლიის კონსორციუმი აცხადებს, რომ გასული თვეების და კვირების მანძილზე “მთავრობამ პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის”.

banner
წინა სტატიაში“ჩამოიქცა, დაინგრა ქვეყანა. ინფლაციას მიაქვს ყველაფერი, ხალხი გაღატაკდა”-ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიასაჯარო სექტორში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან