COVID-19-ის გავრცელების შეკავების მიზნით ევროპასა და რეგიონში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

5 ნოემბრიდან, ინგლისში „ლოქდაუნი“ ამოქმედდა, რომლის პირობებშიც ტანსაცმლისა და ელექტრონიკის მაღაზიები, ტურისტული სააგენტოები, აუქციონები, სამკერვალოები და ავტომანქანების სამრეცხაოები დაიხურა;
აღარ მუშაობენ ღია და დახურული გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრები, მუზეუმები და საგამოფენო სივრცეები, სილამაზის სალონები და სპა-ცენტრები. რესტორნებს, ბარებსა და პაბებს მხოლოდ გატანისა და ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობა შეუძლიათ. სასტუმროები და სხვა სახის განთავსების ობიექტები მხოლოდ მათთვის არის ღია ვინც სამსახურებრივი საჭიროებისთვის მგზავრობს. დაკრძალვის ცერემონიას 30 ადამიანამდე დასწრება არის შესაძლებელი, ხოლო ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის ცერემონიების ჩატარება აკრძალულია;
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, როდესაც ინგლისის ტერიტორიაზე „ლოქდაუნი“ ძალაში აღარ იქნება, მთავრობის გადაწყვეტილებით, მკაცრი რეგიონალური შეზღუდვები ამოქმედდება;

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, შოტლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით 11 დასახლება მათ შორის გლაზგოს დასახლებები 20 ნოემბრიდან, რისკის მეოთხე, ყველაზე მაღალ ზონაში გადავიდნენ და აღნიშნულ ზონებზე თითქმის სრული „ლოქდაუნის“ ტიპის შეზღუდვები ამოქმედდა.
27 ნოემბრიდან, ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობამ 2 კვირიან „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. აღნიშნულ პერიოდში, სასიცოცხლოდ აუცილებელი მაღაზიების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი და მომსახურების სექტორი მთლიანად დახურა. რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისზე მუშაობენ. აუზებსა და სპორტულ დარბაზებსაც აეკრძალებათ მუშაობა. ეკლესიები და სასულიერო დაწესებულებები დროებით დაიხურა, თუმცა სარიტუალო ცერემონიების ჩატარება კვლავ შესაძლებელია.

20 ოქტომბრიდან, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ირლანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა განგაშის მეოთხე დონიდან მეხუთე, ყველაზე მაღალ დონეზე გადავიდა. ქვეყანაში 6 კვირის ვადით, სუპერმარკეტების გარდა ყველა მაღაზია, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზი და კულტურული ცენტრი დაიხურა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლდ 25%-იანი დატვირთვით მუშაობს, ხოლო მოსახლეობას სახლიდან სავარჯიშოდ გასვლა მხოლოდ 5 კილომეტრის რადიუსში შეუძლია. აღნიშნულ პერიოდში, რესტორნები და ბარები მხოლოდ მიტანის სერვისზე მუშაობენ, ხოლო რელიგიური ცერემონიების ჩატარება აკრძალულია. სკოლები და სამშენებლო ბიზნესი შეზღუდვების მიუხედავად კვლავ მუშაობენ;

ავსტრიაში17 ნოემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მკაცრი, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.
ავსტრიის მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, სამსახურში წასასვლელად ან პროდუქტების საყიდლად შეუძლიათ. საყოველთაო „ლოქდაუნამდე“, ქვეყანაში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული, რომელიც 20:00 საათიდან 06:00-საათამდე მოქმედებდა;
არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზიები დაიკეტა. აფთიაქები და პირველადი საჭიროების მაღაზიები აგრძელებს მუშაობას. რესტორნების და კაფეების მუშაობა შეჩერებულია. მოქმედებს მხოლოდ გატანის და ადგილზე მიტანის სერვისი;
უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში სწავლა დისტანციურად გრძელდება.

პოლონეთში შეჩერებულია რესტორნების, ბარებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება. დახურულია სავაჭრო ცენტრებში არსებული თითქმის ყველა მაღაზია, თეატრები, მუზეუმები, გალერეები და კინოთეატრები. სასტუმროებს მხოლოდ საქმიანი ვიზიტით მყოფი პირების განთავსება შეუძლიათ;
9 ნოემბრიდან, სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ;
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საახალწლო უქმეების განმავლობაში, 2021 წლის 4-17 იანვრის პერიოდში, ქვეყანაში რესტორნები და სასტუმროები დახურული დარჩება. ასევე, შეზღუდვები იმოქმედებს სათხილამურო ზონებსა და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე;

ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, სულ მცირე სამ კვირიანი საყოველთაო კარანტინი, ქვეყანაში 6 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე გამოცხადდა;
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, დროებით შეჩერდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირება. მუშაობს სახლში მიტანის სერვისი. დაიხურა სპორტული დარბაზები, სპა-ცენტრები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები. მუშაობას განაგრძობენ სილამაზის სალონები, ტატუს სალონები;
საჯარო ადგილებში 5 კაციანი შეკრებაა ნებადართული. თუმცა, სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში ვიზიტორების რაოდენობა არ შეზღუდულა. მოქმედებს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვის რეკომენდაცია. ქორწილისა და დაკრძალვის რიტუალებზე დასწრება 10 პირამდე შეიზღუდა.
ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებმა დროებით შეწყვიტეს გეგმიური მიღებები და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებს უწევენ დახმარებას;

საბერძნეთში „ლოქდაუნი“ 7 ნოემბერს, გამოცხადდა, რომელიც 7 დეკემბრამდე მოქმედებს. 13 ნოემბრიდან ძალაშია კომენდანტის საათი, 21:00-05:00 პერიოდში. დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა საკვების მაღაზიებისა და აფთიაქებისა. სწავლა შეჩერდა მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის. დაიხურა ბაგა-ბაღები და დაწყებითი სკოლები;
7 ნოემბრიდან პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 150 ევროდან 300 ევრომდე გაიზარდა. 500 ევრო იქნება ჯარიმა ყალბი სამუშაო ცნობის გაცემისთვის, რომლითაც მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილების უფლება ეძლევა. კომპანიებმა მხოლოდ აუცილებელი პერსონალი უნდა დატოვონ ოფისებში სამუშაოდ. მოქალაქეებს სახლიდან გასვლისთვის, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე, სატელეფონო შეტყობინების სახით ნებართვის მიღება უწევთ;
11 ნოემბრიდან, საჰაერო ან სახმელეთო გზით საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლის ყველა მსურველმა ანაკლებ 72 საათით ადრე ჩატარებულ PCR ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს.

სერბეთში17 ნოემბრიდან „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. 09:00-17:00 პერიოდში მუშაობს საკვების მაღაზიები და საკვების მიტანის სერვისი, აფთიაქები, საწვავის გასამართი სადგურები და ცვლებში მომუშავე კომპანიები. ყველა სხვა ბიზნეს აქტივობა შეწყდება.

სლოვენიაში 19 ოქტომბრიდან, ეპიდემიური საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომელიც 17 დეკემბრამდე მოქმედებს. ქვეყნის მასშტაბით ძალაშია კომენდანტის საათი 21:00-06:00 საათების პერიოდში. აკრძალულია საქალაქთაშორისო მგზავრობა. საჯარო და რელიგიური ღონისძიებებზე დასაშვებია მხოლოდ 6 კაცამდე შეკრება. დისტანციურ რეჟიმზეა სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები.
12 ნოემბრიდან გაჩერდა შიდასაქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაიკეტა ყველა არაარსებითი მოხმარების საქონლის მაღაზია. აკრძალულია ყველანაირი თავშეყრა;
18 ნოემბრიდან დაიხურა ყველა სახის სავაჭრო ობიექტები, გარდა საკვები პროდუქტების და პირადი მოხმარების საგნების მაღაზიებისა და აფთიაქებისა;

ნორვეგიაში კერძო ღონისძიებებზე 20 ადამიანი დაიშვება. არა სასიცოცხლოდ საჭირო მოგზაურობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, თავიდან უნდა იქნას აცილებული. ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩამოსულთათვის კორონავირუსის ნეგატიური ტესტი სავალდებულოა. ტესტის არ ქონის შემთხვევაში, 10 დღიანი კარანტინი სავალდებულოა;
რეგიონებში, სადაც ვირუსი განსაკუთებით გავრცელებულია, ეროვნული შეზღუდვების გარდა, შემდეგი ლოკალური შეზღუდვები წესდება: პირბადის ტარება ტაქსში სავალდებულო ხდება. სახლიდან მუშაობა სავალდებულო ხდება. დაიხურება ყველა ის ბიზნესი და აქტივობა, რომელიც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს, მათ შორის საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები, სპორტული ცენტრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა;

საფრანგეთში, 17 ოქტომბერს, ვირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად, საფრანგეთში „Health emergency” გამოცხადდა, ხოლო პარიზში და კიდევ 8 ქალაქში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი დონე ფიქსირდებოდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა. 5 ნოემბერს, საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით „Health emergency” 16 თებერვლამდე გახანგრძლივდა;
16 ოქტომბერს, საფრანგეთის 9 ქალაქში, მათ შორის პარიზში, გამკაცრებული ზომების ფარგლებში, ყველა ტიპის წვეულების, მათ შორის ქორწილებისა თუ სტუდენტური საღამოების გამართვა აიკრძალა;
კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, 23 ოქტომბრიდან, კომენდანტის საათი საფრანგეთის კიდევ 38 ადმინისტრაციულ დეპარტამენტში დაწესდა. მოსახლეობას გადაადგილება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე შეეზღუდა. სახლიდან გასვლა ნებადართულია მხოლოდ სამსახურში გადაადგილების, პირველადი საჭიროების ნივთების შეძენის ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღების შემთხვევაში;
30 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე, საფრანგეთში ეროვნული დონის საყოველთაო „ლოქდაუნი“ მოქმედებს. მოსახლეობას საკუთარი რეგიონების დატოვების უფლება არ აქვთ;
მკაცრი შეზღუდვებისა და „ლოქდაუნის“ შედეგად მიღებული გაუმჯობესებული სტატისტიკური მაჩვენებლების გამო, საფრანგეთის მთავრობა შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას განიხილავს. მთავრობის განცხადებით, არსებული შეზღუდვების მოხსნა სამ ეტაპიანი სისტემის მიხედვით მოხდება. პირველი ეტაპი დაახლოებით 1 დეკემბრისთვის იგეგმება, მეორე – საახალწლო დღესასწაულებამდე, ხოლო მესამე ეტაპი კი 2021 წლის იანვარში დაიწყება. მიუხედავად ამისა, გარკვეული დროის მანძილზე გადაადგილებაზე შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს, ხოლო ბარებსა და რესტორნებზე მკაცრი ზომები გავრცელდება;

გერმანიაში ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის შესამცირებლად, ქვეყანაში 2-30 ნოემბრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ბარები, რესტორნები, კინოთეატრები, თეატრები და გუნდური სპორტის დაწესებულებები დროებით დაიხურა.
25 ნოემბერს გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. 1 დეკემბრიდან დამატებით იკრძალება 5 ადამიანზე მეტის შეკრება. ნიღბების ტარება სავალდებულო ხდება მაღაზიების წინ და პარკინგების სივრცეებში;
შობა-ახალი წლის დღეებში შეზღუდვები შემსუბუქდება.
იკრძალება საახალწლო ფოიერვერკების გაშვება, რათა მოსახლეობის დიდი ოდენობით შეჯგუფების თავიდან აცილება მოხდეს;
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, შეზღუდვები შესაძლოა ბოლომდე და 2021 წლის დასაწყისშიც გახანგრძლივდეს;

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბერს, საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივდა.
იტალიაში, აკრძალულია წვეულებების გამართვა როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში, მათ შორის კერძო სახლებსა და ბინებშიც. ნებადართული დარჩა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონიების, მათ შორის ქორწილების გამართვა. ცერემონიაზე დამსწრეთა დასაშვები რაოდენობა 30 პირამდე განისაზღვრა;
სამოყვარულო კონტაქტურ სპორტთან დაკავშირებული ყველა შეჯიბრი და საქმიანობა დროებით აიკრძალა;
იტალიაში, ყველა სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, თეატრი და კინოთეატრი დახურა;
3 ნოემბერს, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, იტალიის პარლამენტმა ახალი შეზღუდვების შესახებ, შესაბამისი დეკრეტი გამოსცა;
გამკაცრებული ზომები ძალაში 5 ნოემბრიდან შევიდა და 3 დეკემბრამდე იმოქმედებს. შესაბამისად, 5 ნოემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა.
გარდა ეროვნული დონის შეზღუდვებისა, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, იტალიის მთავრობამ რეგიონები 3 დონიანი რისკის ზონებად დაყო. 3 დონე რეგიონების ზონებად – წითელ, რისკის ყველაზე მაღალ დონედ, ნარინჯისფერ, რისკის საშუალო დონედ და ყვითელ, ანუ რისკის დაბალ დონედ დაყოფას გულისხმობს. თითოეული რეგიონი ინფექციის დონის ლოკალური მაჩვენებლის მიხედვით, სამიდან ერთ-ერთ ზონაშია მოქცეული.
იმ რეგიონებში, რომლებიც წითელ ზონაში მოხვდნენ, ყველა ბარი, რესტორანი და მაღაზიების უმრავლესობა დაიხურა. ხოლო, მოსახლეობას საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეუძლიათ;

ესპანეთში 25 ოქტომბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 23:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვები შესაძლებელია 6 თვემდე გახანგრძლივდეს;
გამკაცრებული ზომების პირობებში, 6 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეებში, აიკრძალა;
ესპანეთის მთავრობამ, ტარგეტირებული „ლოქდაუნის“ სტრატეგია აირჩია.მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონული ლიდერები ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ;
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მ/წ 9 ნოემბრიდან, კანტაბრიის, მურსიასა და გალიციის რეგიონებში ზომები გამკაცრდა. აღნიშული რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტში რესტორნები და ბარები დაიხურა და მხოლოდ სახლში მიტანის სერვისზე მუშაობს.
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ასტურიას რეგიონში, რეგიონალური მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში კომენდანტის საათმა 00:00 საათიდან 22:00 საათამდე გადმოიწია;
6 ნოემბრიდან, გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კასტილია და ლეონში ბარები და რესტორნები დაიხურა და განგაშის დონე „მაქსიმალურამდე“ გაიზრდა;
4 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე, ქ. მადრიდი ჩაიკეტება. 7-8 დეკემბერს, ესპანეთში ორი დღესასწაული აღინიშნება, რა დროსაც, ქვეყნის მასშტაბით მობილობა იზრდება. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, მადრიდის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის ჩაკეტვა გადაწყვიტა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ანდალუსიის რეგიონში მიმდინარე შეზღუდვები 10 დეკემბრამდე ძალაში დარჩება, რაც 22:00 საათიდან 07:00 საათამდე კომენდანტის საათის ძალაში დატოვებასაც ითვალისწინებს. გარდა ამისა, ყველა მუნიციპალიტეტი დარჩება ჩაკეტილი.

ბელგიაში, ვალონიისა და ბრიუსელის რეგიონებში, 23:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში კომენდანტის საათია დაწესებული. ბრიუსელში ნიღბების ტარება ყველა ღია სივრცეში სავალდებულოა, ხოლო თეატრები, კინოთეატრები და სპორტული დარბაზები დახურულია. ქვეყნის ზოგ რეგიონში სკოლის საშემოდგომო არდადეგები გახანგრძლივდა, ზოგან კი სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ;

ჩეხეთში 5 ოქტომბრიდან, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის ფარგლებში რიგი შეზღუდვები დაწესდა. თუმცა, 22 ოქტომბერს, ჩეხეთის მთავრობამ ქვეყანაში „ლოქდაუნი“ გამოაცხადა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვების გარეშე, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი 7-11 ნოემბრისთვის, საკუთარი რესურსების მაქსიმალურ ლიმიტს მიაღწევს;
შედეგად, ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, მაღაზიებისა და სხვა სერვისების მიმწოდებელი ბიზნესების უმეტესობის მუშაობა შეჩერდა. სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები შეზღუდვების გარეშე განაგრძობენ მუშაობას. ასევე, გადაუდებელი საჭიროების გარდა, აიკრძალა მოქალაქეების გადაადგილება. პირბადეების სავალდებულო ტარება კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებშიც გახდა, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები სხვადასხვა შინამეურნეობას წარმოადგენენ.
28 ოქტომბრიდან, მთავრობამ ზომები გაამკაცრა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. კვირაობით არც ერთი მაღაზია არ მუშაობს, სკოლების სრული გახსნა კვლავ გადაიდო, ხოლო ყველა დამსაქმებელს, თანამშრომლების დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანის მკაცრი რეკომენდაცია მიეცა;

უნგრეთში 4 ნოემბრიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყანაში ერთი თვის განმავლობაში შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს: 20:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათია გამოცხადებული. რესტორნები, კაფეები, ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დაკეტილია. პირბადის ტარება სავალდებულოა. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სრულიად ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. 10-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება. სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე ტარდება;
23 ნოემბერის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასაკოვანი მოსახლეობისთვის მაღაზიებში შესვლისთვის სპეციალური დროები დაწესდა. სამუშაო დღეებში, მაღაზიაში შესვლა 09:00-11:00 საათების შუალედში, ხოლო შაბათ-კვირას 08:00-10:00 საათების შუალედში მხოლოდ 65 წელს ზევით მყოფებს შეეძლებათ;

ბულგარეთში 27 ნოემბრიდან მ/წ 21 დეკემბრის ჩათვლით,შეზღუდვები გამკაცრდა. ნიღბის ტარება სავალდებულოა ყველა დახურულ და ხალხმრავალ ღია სივრცეებში. დაიკეტა რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები და სავარჯიშო დარბაზები. სასწავლო დაწესებულებები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, ხოლო ბაღები სრულად დაიკეტა. აიკრძალა 15-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

ლატვიაში 9 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა;
აიკრძალა ყველა საჯარო ღონისძიება მათ შორის სპეკტაკლები, კონცერტები. დაიხურა გასართობი დაწესებულებები, მათ შორის ბარები და საცეკვაო დარბაზები. კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ. ღია სივრცეში შეკრება 50 ადამიანამდეა ნებადართული, კერძო შეხვედრებისას კი – 10 პირამდე, ისიც არაუმეტეს ორი შინამეურნეობის წარმომადგენლისა;
უქმე დღეებში მხოლოდ განსაკუთრებით საჭირო მაღაზიებს აქვთ მუშაობის უფლება. მაგ. სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, საოჯახო საჭიროებებისა და ჰიგიენის საშუალებების გამყიდველ მაღაზიებს;
სილამაზის სალონები გამკაცრებული რეგულაციებით მუშაობენ.

შეზღუდვების დარღვევისთვის კერძო პირებისთვის ჯარიმის ოდენობა 2 000 ევრომდე განისაზღვრა, იურიდიული პირებისთვის კი – 5 000 ევრომდე;
27 ნოემბრიდან, ქვეყნის 12 მუნიციპალიტეტში, ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები გამკაცრდა. დაიხურა კულტურული და სხვა საგამოფენო სივრცეები, ასევე ღია ცის ქვეშ ბაზრობები. ბიბლიოთეკები მხოლოდ წიგნების გატანის რეჟიმში მუშაობენ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 11 ნოემბერს, ქვეყანაში მოქმედი ადაპტაციური კარანტინი გაუქმდა და ზოგადი კარანტინის რეჟიმი დაწესდა, რომელიც უქმეებზე „ლოქდაუნსაც“ ითვალისწინებს. შეზღუდვები 14 ნოემბრიდან შევიდა ძალაში

სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს.
დროებით დაიხურა ღამის კლუბები, გასართობი დაწესებულებები, რესტორნები, ბარები და კაფეები.
რაც შეეხება „უქმე დღეების კარანტინს“ ის შაბათ-კვირას მოქმედებს და ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტის საქმიანობის შეჩერებას გულისხმობს.
25 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მთავრობა შობა-ახალი წლის პერიოდში, შესაძლო კარანტინის რეჟიმის დაწესებისთვის ემზადება;

აზერბაიჯანში21 ნოემბრიდან, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 28 დეკემბრამდე გახანგრძლივდა;
21 ნოემბრიდან 28 დეკემბრამდე, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა, მათ შორის ბაქოს მეტრო დარჩა დახურული;
ამავე პერიოდის განმავლობაში, შაბათს და კვირას, არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო ობიექტების მუშაობა შეჩერდა. გამონაკლისი ვრცელდება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებზე;
კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებში იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომლებსაც სამუშაო ადგილზე მუშაობა შეუძლია 30%-მდე განისაზღვრა;
21 ნოემბრიდან, აზერბაიჯანში, პირბადეების ტარება ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულოა;

ირანში, 21 ნოემბრიდან ყველაზე მეტად ინფიცირებულ 160 ქალაქში მათ შორის თეირანში 21:00-04:00 საათების პერიოდში კომენდანტის საათი გამოცხადდა. სავალდებულოა პირბადის ტარება ღია და დახურულ საჯარო სივრცეში. დახურულია სკოლები, უნივერსიტეტები, კულტურული დაწესებულებები, ყველა არაარსებითი ბიზნეს ობიექტი, აიკრძალა ქალაქიდან გასვლა და ქალაქში შესვლა. ამ აკრძალვის გაკონტროლებას ავტომანქანების სანომრე ნიშნების შემოწმებით ახდენენ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროსთან ანტირუსულ აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს – შუაშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი
შემდეგი სტატიაავსტრიაში მკაცრი, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა