„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი სიღნაღში, ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდების მიერ ქვეყნის დატოვების ტენდენციას გამოეხმაურა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველების სამშობლოსთან ემოციური კავშირი უნიკალურია და სიტყვა „სამშობლოს“ ისეთივე სიმბოლური სიღრმე სხვა არცერთ ენაზე, მათ შორის ინგლისურსა და ფრანგულზე, არ გააჩნია.
„ასეთი ტიპის გამოწვევა არსებობს, მეც პირადად, მეგობრებისგანაც მსმენია მსგავსი მოსაზრებები… მე მგონი, ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი არის `”ფესვები” და არ შემიძლია მის დასასრულზე ცხარე ცრემლით არ ვიტირო, იმდენად მართლა კარგად ჩანს, თუ რამდენად ძვირფასი არის თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენი საყვარელი სამშობლო“, — განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.















