ცოტნე გამსახურდია: წმინდა გეოპოლიტიკურად ჩვენ გზაჯვარედინზე ვცხოვრობთ

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

მოგეხსენებათ, ლანდშაფტურ-კლიმატური პირობები ჰომო საპიენსის განვითარების გარიჟრაჟიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანების მსოფლაღქმას, სოციალურ ურთიერთობებს, მათ დამოკიდებულებას გარემომცველ სამყაროსთან და ურთიერთთან. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა.

ჩვენი ბუნებრივი რეალობა, ძირითადად ზომიერი პირობები და ამავე დროს მრავალფეროვანი ბუნება, მავნე ფლორისა და ფაუნის, პრინციპში, არარსებობა, ჩვენ უკიდურესად, ზღვარგადასულად თავისუფალ ადამიანებად გვაყალიბებს. ჩვენ არ გვაქვს არც სასტიკი, უნაყოფო ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელი თვითდისციპლინა, მკაცრი ბუნების დასამორჩილებლად აუცილებელი ნებელობა და თანმიმდევრულობა, რასაც უადრესი ასაკიდანვე ითვისებენ პლანეტის შესაბამისი რეგიონების მაცხოვრებლები. შეიძლება ითქვას, რომ ბუნებითი მოცემულობით ქართველისათვის ცხოვრება თავისუფლების და უზრუნველობის დიადი ზეიმია, დიონისურობაა, მზით, სითბოთი და ღვინის კულტურით “ღვთისგან ბოძებული” ჰომეოსტაზია…

მაგრამ მალევე, ცხოვრების გააზრებული, რაციონალური აღქმის ეტაპზე, როგორც პიროვნულ, ისე საზოგადოებრივ ასპექტებში ჩვენ მთელ რიგ შეზღუდვებს ვაწყდებით. წმინდა გეოპოლიტიკურად ჩვენ გზაჯვარედინზე ვცხოვრობთ, სადაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი,იგივე დაპირისპირების ვექტორები იკვეთება. ამავე დროს, ჩვენი ქვეყანა არც ბუნებრივი რესურსების სიუხვით გამოირჩევა. გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული, პოლიტიკურ-ეკონომიკური შეზღუდვები მჭიდრო არტახებში აქცევს აქ მაცხოვრებელს, რომელსაც ბუნება ერთს კარნახობს, ცხოვრებისეული კანონზომიერებანი და აუცილებლობა კი – მეორეს.

სწორედ აქედან წარმოიშვება ის პიროვნული თუ ეროვნული, ისტორიული, სოციალური, და სხვა დრამები და ტრაგედიები, რასაც ვაწყდებოდით და ვაწყდებით. სწორედ ამ კონფლიქტის გამო შინაგან, ბუნებით იმპულსსა და განვითარების ულმობელ კანონზომიერებათა შორის ვართ ჩვენ ერთერთი ყველაზე უბედური ერი ცნობილი “ბედნიერების ინდექსის” მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ვისაც ჩამოვრჩებით, ხშირად მათზე უარეს ქვეყანაში სულაც არ ვცხოვრობთ.

ჩემი აზრით, სანამ ამ დილემას, კონფლიქტს არ გავიაზრებთ და არ ამოვხსნით ჯერ შინაგან, შემდეგ კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მუდამ მაჩანჩალა და გადაშენების, გაქრობის, გაქცევის საფრთხის წინაშე მყოფნი ვიქნებით…

 

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიმამუკა ჭელიძე: დღეს 10 მცირეწლოვნის უკრაინაში უსაფრთხოდ გადაყვანა მოხდება
შემდეგი სტატიაქირია: ხანძარი სპეციალურადაა მოწყობილი არც დივერსიასაც გამოვრიცხავ