ცოტნე გამსახურდია: ჩვენ მივიღეთ გათითოკაცებული და მორალისგან დაცლილი საზოგადოება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2019 20:32

ცოტნე გამსახურდია: ჩვენ მივიღეთ გათითოკაცებული და მორალისგან დაცლილი საზოგადოება

რა არის ჩვენი ერის უბედურების მთავარი მიზეზი, რატომ არ ეშველა საქართველოს არაფერი, რაშია დამნაშავე ხალხი? – ამ თემებზე „თაიმერს“ სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ცოტნე გამსახურდია ესაუბრება.

ცოტნე, მრავალჭირგადანახადი კაცი ხართ, იყავით დევნილიც, ძებნილიც და პატიმარიც, ბევრი რამე გინახავთ, ბევრი რამ იცით და იქნებ თქვენ მაინც გვითხრათ, რა ხდება ჩვენს თავს?
-ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება,  პირველ რიგში, ხალხის შეგნების დაბალი დონის ბრალია. ამის თქმის არ მეშინია, არც სიმართლეზე თვალის დახუჭვას ვაპირებ. არ მესმის, რატომ ვუწოდებთ საკუთარ თავს გმირ და ბრძენ ერს?! ასეთები რომ ვიყოთ, ქვეყანას ნაშველი ექნებოდა. დღეს კი საშველი არ ჩანს. დღევანდელობას შევარდნაძის პერიოდს შევადარებდი. არის ოდნავი განსხვავებებიც – ისტორია ზუსტად არასდროს მეორდება. თან ახლა 21-ე საუკუნეა.  გვაქვს სრული სტაგნაცია, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ასევე – სოციალური. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის დაბრუნდა გასული საუკუნის 90-იანები. ჩვენ მივიღეთ გათითოკაცებული და მორალისგან დაცლილი საზოგადოება.
90-იანები კი არა, დავით გურამიშვილის „ქართლის ჭირი“ რომ წაიკითხოთ, ზუსტად იქ აღწერილი სურათი შეესაბამება ჩვენს დღევანდელ ყოფას. ჩვენ ხომ არც გვაქვს თავისუფლად ცხოვრების გამოცდილება და, რაც ფეოდალურ ეპოქაში ვიყავით, იგივენი ვართ ახლაც.

თავისუფლებაში ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვსოამბობთ. იქნებ, მონობაში ცხოვრებას იმდენად მივეჩვიეთ, რომ თავისუფლება აღარ გვინდა?
-საქმეც ესაა! არ ვისწრაფვით თავისუფლებისკენ. ისევ ძველი სტერეოტიპებით – სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი, „ჯერ თავო და თავოთი“ ვცხოვრობთ. შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩვენი დღევანდელი უბედურება საზოგადოების შეუგნებლობის ბრალია. არა გვაქვს სოლიდარობის განცდა, არა გვაქვს გააზრების უნარი. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება არ გახლავთ. ამას მოწმობს სოციალური კვლევები. მოსწავლეთა და ახალგაზრდობის შეფასების კრიტერიუმები. რამდენადაც მენტალურად და ფსიქიკურად სუსტები ვართ, ისეთივე ქვეყანაც გვაქვს. დასავლეთის ფინანსური დახმარება რომ არა, საქართველო ერთი დღეც ვერ იარსებებდა.

–  დასავლეთი სერიოზულად გვეხმარება, მაგრამ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც გვიმტკიცებენ, დასავლეთი გვრყვნისო.
-ეს არის იდიოტიზმი. ვინც ამას ამბობს, რუსეთის ღრმა პროვინციებში წავიდეს და  ნამდვილ გარყვნილებას იქ ნახავს.
გარყვნილება იქ არის თუ არის!
-მარტო გარყვნილება? –  იქ არის სიბრიყვე, სიბილწე და სიბნელე. ვინც დასავლეთში ჰომოსექსუალიზმის, განსახვავებული სექსუალური ორიენტაციის და გარყვნილების მეტს ვერაფერს ხედავს, ეს მისი პრობლემაა. შესაძლოა, დასავლეთი რაღაცის გამო არ მოგწონდეს და აკრიტიკო, მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს, რომ ის ნებისმიერ ასპექტში რუსეთს სჯობს.
ჩვენი უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებები, ე.წ  დე კლასს ეყრდნობიან, რომელსაც ბიდლოს ვეძახდით. ამ მხრივ გამონაკლისი ერთი ხელისუფლება იყო მხოლოდ, რომელსაც ქვეყნის სათავეში ყოფნა დიდხანს არ დასცალდა და, ალბათ, იმიტომაც, რომ ადამიანების ასეთ კატეგორიას არ ეყრდნობოდა. ხელისუფლებები ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა სწორედ ამ დე კლასს მიეკუთვნებოდეს. ამის შესახებ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი. ნებისმიერ ხელისუფლებას აწყობს დე კლასი. ამ კატეგორიას არ გააჩნია საკუთარი მომავლის მიმართ ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების საჭირო კულტურულ-ინტელექტუალური დონე. ასეთ ადამიანებს უფრო ადვილად იყიდი 5 კილო კარტოფილად, ან 2 კილო ხახვად.  ბიძინასაც ეს უნდა. ჩვენთან ხელისუფლებებს სახლში წასვლა, ზოგადად, უჭირთ. ვერ მივიღეთ დასავლური კულტურული ტრადიცია ხელისუფლების გადაბარებისა.
თუმცა ასეთი რამ ერთხელ მოხდა – 2012 წელს სააკაშვილმა  გადააბარა „ოცნებას“ ხელისუფლება.
-ასეთი რამ 2012 წელს მოხდა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რის ფასად. არავის ეგონოს, მიშა სააკაშვილი ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ ხელისუფლება გადააბარა. ხალხის უპრეცედენტო მობილიზაცია რომ არ ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა, მოვლენები სხვანაირად განვითარებუილიყო. ასევე, არ დაგვავიწყდეს ის დიდი ზეწოლა, რომელსაც დასავლეთი სააკაშვილზე ახორციელებდა.
სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ვადაში არაფერში არ სჭირდებოდა ტერორი, ფარული ჩანაწერები, კომპრომატები. მას ეს რაღაცები არ გაეკეთებინა, 2016 წელს ხელში აყვანილს დააბრუნებდა ხალხი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მისმა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნახევარი მილიონი ხმა მიიღო. პოლიტიკოსები მშიშრები და ხარბები არიან. არა აქვთ საკუთარი თავის იმედი. რომ დათმონ ეს ხელისუფლება. სკამიანად ხომ არ დაიბადნენ, რაღაც დროის შემდეგ ყველა უნდა წავიდეს. დააცადე ამომრჩეველს. ახალგაზრდა კაცი ხარ და ჯერ ხომ არ მიდიხარ ამ ქვეყნიდან და იბრძოლე. სააკაშვილი ასე რომ მოქცეულიყო,  ეს გააუმჯობესებდა მოსახლეობის თვითშეგნებას. ხალხია ძალაუფლების წყარო. როგორიც ხალხია, ისეთივეა ხელისუფლებაც. შენ როგორც ხელისუფალი ბრძნულად უნდა მოქმედებდე, რომ ხალხის პოლიტიკური კულტურა გაიზარდოს. ეს შენთვისაც და ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება.
ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურად გაზრდა ცოტა ძნელი ხომ არ იქნება. ჩვენ გვახსოვს, ხალხმა რამდენი პროცენტით აირჩია გამსახურდია. იგივე ხალხმა მერე მისი ჩამომგდები შევარდნაძე მოიყვანა. მერე სააკაშვილი და ახლა ივანიშვილს ეტრფიან.
– მასა ხომ სულ ერთი და იგივეა.  ამ მასას არც აქვს გააზრებული, რატომ, რისთვის, როგორ  უჭერს ამა თუ იმ პირს მხარს. მათთვის მთავარია ხელისუფლების სათავეში იყოს და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ის. ასეთი ხალხი არასდროს არ იბრძოლებს რაღაც პრინციპებისთვის, არასდროს არ გაირჯება იმისთვის, რომ რაღაც გააუმჯობესოს. ესენი პარაზიტულად არიან ხელისუფლებებზე ჩამოკიდებული.
ვერცერთი ხელისუფლება ვერ აკმაყოფილებს ამომრჩევლის 10-15%ზე მეტს. რაც არ უნდა გაზარდონ შტატები,შექმნან სსიპები და აიპები, ყველას ვერ დაასაქმებენ. ამომრჩევლის 100% რომ აჭამონ, ავშენებულვართ და ეგაა.
დანარჩენი 80-85% სისტემის შეცვალზე კი არ მუშაობს, არამედ იმაზე ოცნებობს, რომ ხელისუფლებაზე პარაზიტულად ჩამოკიდებულ 10-15%-ში მოხვდეს.
ანუ არაფერი გვეშველება? ამ მოჯადოებუილ წრეზე 30 წელია რაც დავდივართ და ისევ იქა ვართ?
– რა ვიცი, აბა! ძალიან მძიმე ვითარებაა. ახალმა თაობამ რაღაც თუ არ შეცვალა, გადავშენდებით. შეიძლება ითქვას, რომ გაქრობის პირას ვართ…

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 19, 2019 20:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,634
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics