საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს აუცილებლად შევხდება.
პრემიერის თქმით, აპირებს მას შეახსენოს, რომ პროკურატურა აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ექვემდებარება.
“მგონია, რომ ცოტა უცნაურია, როდესაც ის არ მიდის პროკურატურაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოვხატავ ნებას და აუცილებლად შევხვდები. დავამთავრებთ დასავლეთ საქართველოში წინასაარჩევნო წარდგინებებს და მომავალი დეპუტატების წარდგენამდე, შუალედში შევხვდები პაპუაშვილს. მინდა მას შევახსენო, რომ პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაქვემდებარებული ინსტიტუცია. ეს არის დამოუკიდებელი და ამის საფუძვლები შევქმენით ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები. იგი არის ანგარიშვალდებული პარლამენტთან და ეს მინდა შევახსენო”, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, რატომღაც რჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა მართავდეს მთლიანად ამ პროცესებს.
“ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხიმსგებლობა გაგვაჩნია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ვგრძნობთ ამას, თუმცა ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავს. ეს ასე ნამდვილად არ არის და არც უნდა იყოს. ეს იყო წარსულში და დღეს ასე აღარ არის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასა და შანტაჟთან დაკავშირებით მან რამდენიმე დღის წინათ გააკეთა განცხადება. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
თუმცა პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში მისვლას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე არ გეგმავს. გარდა ამისა, ამავე საქმეზე პროკურატურაშია დაბარებული საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე. მოსამართლე მერაბ ტურავას ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადების თაობაზე დაიბარეს.
საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება გუშინ დაიწყო.