“ცოტა ხანში ალბათ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის მშენებლობაზე დამკითხავენ”

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე მივიდა. უწყებაში ის ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბარების მიზეზად სისხლის სამართლის საქმე სახელდება, რომლის მიხედვითაც, გამოძიება სააკაშვილს დანაშაულებრივი ორგანიზაციების საქმიანობის დაფარვას ედავება.

უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში შესვლამდე მიხეილ სააკაშვილმა განმარტება გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, გუშინ ის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

„გუშინ ვიყავი დაკითხვაზე მაიდნის მოვლენებზე, ცოტა ხანში ალბათ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის მშენებლობაზე დამკითხავენ და რომის იმპერიაში მომხდარ მკვლელობებზე. ვისაც არ ეზარება, ყველა დაკითხვაზე მიბარებს. მე უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ამ ქვეყანაში ბოლომდე არ არის გახსნილი გიორგი ღონღაძის მკვლელობა, პრეზიდენტ იუშენკოს მოწამვლის საქმე, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაზეა საუბარი და ჯერ კიდევ არავინაა დაკავებული. უკრაინაში ჯერ კიდევ გამოუძიებელია მაიდანზე სროლის საქმეები.

“ანუ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ უკრაინაში არსებობენ ადამიანები, ვისაც კავშირი აქვს ამ კრიმინალთან, ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, ვინც არ არის დაინტერესებული მთავარი დანაშაულების გახსნაში, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის დაარსებიდან მოხდა და ასეთ ვითარებაში მთელი სამართალდამცავი სისტემა სააკაშვილის წინააღმდეგ მუშაობს, უფრო მეტიც, მაიდანის სროლის საქმეზე გუშინ მე დამკითხეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ბერლუსკონიმ გადაიღო ფილმი, სადაც, თითქოს, მე მივეცი ქართველ სნაიპერებს ცეცხლის გახსნის ბრძანება. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტოტალური უსამართლობაა და ხელისუფლებაში არიან დამნაშავეები, რომლებიც ხელს აფარებენ სხვა დამნაშავეებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს მიმართა.

„მინდა მივმართო უკრაინელებს, ხელისუფლებამ იმაზე მეტი ვერ მოიფიქრა, რომ მატაროს დაკითხევბზე. ამ ადამიანებს არასოდეს შერცხვებათ, შეასრულებენ მითითებებს. ეს რაც შემეხება მე, მაგრამ მინდა თქვენ მოგმართოთ, როდემდე მოითმენთ ამას? გასაგებია რაც ხდება ჩემ ირგვლივ, მაგრამ როგორ გექცევიან თქვენ? თქვენ რეალურად დაგცინიან, ეს ხალხი დროს წელავს იმისთვის, რომ თქვენ გაგძარცვონ, გაზარდონ ელექტროენერგიის ტარიფები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაიხანგრძლივონ ყოფნა ხელისუფლებაში. ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო აპარატი ტყუილად მუშაობს, როდესაც სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური თავის რეალურ ფუნქციას არ ასრულებს, პროკურატურა ბელეტრისტიკით არის დაკავებული, პოლიცია კი კრიმინალს მფარველობს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატმა განმარტება გააკეთა, თუ რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა დაკითხვაზე დღეს გამოცხადება და რატომ ამბობდა უარს ის წინა შემთხვევებში.

„მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის დადის დაკითხვებზე, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ არის პროცესუალური დარღვევები. ჩვენ ამაზე მივუთითებდით და ვამბობდით, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, და ჩვენ მზად ვართ პასუხებისთვის,“ – განაცხადა პაველ ბოგომაზოვმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: მაჩალიკაშვილი კი არ მოკვდა, მოკლეს
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო 112-ში 500-ზე მეტი შეტყობინება შევიდა