“ცოტა ისეთ ვიდეოებზეა საუბარი თქმა მიჭირს,” – ზურაბ ნეფარიძის შვილის მტკიცებით მას მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ

ქრთამის აღებაში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე და მისი ოჯახი პროკურატურას ზეწოლაში და შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც ბრალდებულის შვილი ამტკიცებს, მას მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემა შანტაჟით და მამის პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარით აიძულეს. მისი თქმით შეხვედრა მოდულში შედგა, სადაც მას უთხრეს, რომ თუ არ მოაწერდა ხელს მამხილებელ ჩვენებას, მაშინ მამის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტ სივრცეში გავრცელდებოდა.

„ცოტა ისეთ ვიდეოებზეა საუბარი თქმა მიჭირს. როდესაც მიმიყვანეს მოდულში დამიდეს ეს მასალები და მეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა მაჩვენებდნენ კიდეც და მაყურებინებდნენ ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს ესწრებოდა პროკურორი ბექა ეჟიშვილიც. ამის გარდა ხდება დღეს ის, რომ მიმდინარეობს კიდევ ზეწოლა ჩემი და ჩემი მეუღლის დაკავების მუქარაც არის. ოჯახი ბოლომდე გაგვანადგურეს,“-განაცხადა დაკავებულის შვილმა, ზურაბ ნეფარიძემ.

დაკავებულის მიმართ შანტაჟზე და ზეწოლაზე საუბრობს ადვოკატიც. ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გადაღებული იქნა ფარული ვიდეო კადრები, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეში არ დევს მტკიცებულების სახით.

ბრალდებებს უარყოფს პროკურორი. ბექა ეჟიშვილი ამბობს, რომ საქმეში არის საკმაო მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალდებულს დაუმტკიცდეს ჩადენილი დანაშაული და არანაირი ფარული კადრები ამისთვის საჭირო არ არის. პროკურორი ბრალდებულზე და მის ოჯახზე ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს.

„სისხლის სამართლის მრავალტომიან საქმეში, არც ერთი რაიმე პირადი ჩანაწერი არ არსებობს და არც მოიპოვება. იმდენი პირდაპირი მტკიცებულებაა ამ საქმეში რომ ნამდვილად არავის არ სჭირდება არც მისი შვილის ჩვენებას სასამართლო პროცესზე და ასევე არც ბრალდებულის ჩვენება,“-განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.

დღეს ნეფარიძის საქმეზე მორიგი პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხის საავადმყოფოში იმართება. ბრალდებულს გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე : საპატრიარქოში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ზედაპირზე ამოდის
შემდეგი სტატია“საქმეში არ არსებობს არანაირი პირადი ჩანაწერი” – პროკურორი ნეფარიძის ბრალდებებს პასუხობს