ComCom-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო ვიდეორგოლის გამო, მთავარი არხი 2 500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი არაწინასაარჩევნო პერიოდში, რუსული კანონის საწინააღმდეგო ვიდეორგოლის სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო 2 500 ლარით დააჯარიმა.

საუბარია მთავარი არხის მიერ, სამაუწყებლო ბადეში გავრცელებულ ორ ვიდეორგოლზე.

მთავარი არხის პირველი ვიდეორგოლის ბოლოს აღნიშნულია – “რამდენადაც მარტივია მაგალითების პოვნა, რა სიკეთე მოუტანა დასავლურმა ცოდნამ და დახმარებამ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, იმდენად მარტივია დანახვა, რა საფრთხე დაემუქრება საზოგადოების ყველა ნაწილს რუსული კანონის ამოქმედებით”.

მეორე ვიდეორგოლში, მხოლოდ ქართველი მუსიკოსის, ნიაზ დიასამიძის მუსიკის თანხლებით ასახული კადრებია რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებიდან, რომელსაც დასასრულს მესიჯი “კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს” მოყვება.

კომისიის შეფასებით, მთავარი არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული “პოლიტიკური შინაარსის მქონე ვიდეორგოლები” ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მათი თქმით, რგოლებში მოხსენიებულია, როგორც საზოგადოების ყველა ნაწილისთვის საფრთხის შემცველი “რუსული კანონი”.

კომისიის თქმით, ვიდეორგოლების მიზანი, საზოგადოების კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების მიმართ საწინააღმდეგოდ განწყობა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხელის შეშლაა.

“აღნიშნული ვიდეორგოლები განაწყობს საზოგადოებას იმ პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას.

აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლების მიზანია აღნიშნული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანებების არჩევის ხელშეშლა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში”. – ნათქვამია კომუნიკაციის ეროვნული კომისიის განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) წარმომადგენლებმა – მათი თქმით, მთავარი არხის მიერ განთავსებული ვიდეორგოლები “არ ექცევა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პოლიტიკურ / წინასაარჩევნო რეკლამის ცნებაში და წარმოადგენს სოციალურ რეკლამას”.

“მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მედიებისათვის ცენზურის დაწესება “რუსული კანონის” ხსენებისათვის, არის ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინება იმ მთავარი გზავნილით, რომ მაუწყებლებმა აღარ გააკრიტიკონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის რუსული კანონის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ერთი მხრივ უშუალოდ მაუწყებლებს ეხება, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს”. – ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ცნობით, მთავარმა არხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ “სადავო ვიდეორგოლები განთავსებული იყო არა პოლიტიკური, არამედ სოციალური რეკლამის სტატუსით, რომლის მიზანი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით კი ევროინტეგრაციაზე ყურადღების გამახვილება იყო”.

აღსანიშნავია, რომ კომისიამ ასევე წერილობით გაფრთხილა სამთავრობო ტელევიზია პოსტვ.

კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური შინაარსის მქონედ მიიჩნია პოსტვ-ს მიერ სამაუწყებლო ბადეში ჩაშვებული ვიდეორგოლი, სადაც საუბარია ქართული ოცნების მხრიდან, სამეწარმეო სფეროში ჩატარებული პროექტების შესახებ, რომელსაც მესიჯად “ქართული ოცნების დაფინანსებული 100-ზე ბევრად მეტი ქარხანა” აქვს დართული.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორივე არხის მიერ განთავსებული ვიდეორგოლები პოლიტიკურ რეკლამებად შეაფასა, რომელიც მათი თქმით, “მაუწყებლებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდის და პროცედურის მიღმა აკრძალული აქვთ”.

კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნა, რომ მთავარ არხს ანალოგიური კანონდარღვევის გამო, გასულ თვეში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უკვე მიღებული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება.

ამ დროისთვის, კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ მთავარ არხს 2 500 ლარის ოდენობის ჯარიმა და ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადიდან ამოღება დაავალა.

მათივე თქმით, იმის გამო, რომ პოსტვ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულა, ComCom-მა მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკის ციფრული ბანკი ინოვაციისა და ტრანსფორმაციის კატეგორიებში ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე დრონებით იერიშები მიიტანეს