ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ WSIS-ის ფორუმზე ტელეკომუნიკაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის სესიაში – „ხელშემწყობი გარემო“ მიიღო მონაწილეობა. ეკატერინე იმედაძემ გამოსვლაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფაში მარეგულირებელი ორგანოების როლზე ისაუბრა. კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ყურადღება გაამახვილა ადეკვატური მარეგულირებელი გარემოს შექმნასა და ციფრული ეკო-სისტემის განვითარებაზე.

ეკატერინე იმედაძემ, ასევე ფიქსირებული და მობილური ბაზრების გახსნის მიმართულებით კომისიის გეგმებსა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, კომისია სხვადასხვა ევროპული მოდელის მიხედვით, ბაზრის მოთამაშეებისთვის წამახალისებელ, კონკურენტულ გარემოს ქმნის. მან ასევე საქართველოს რეგიონულ შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით შეიქმნას მონაცემთა გაცვლის ცენტრი და წყალქვეშა ციფრული დერეფნების გამოყენებით საქართველო გახდეს ციფრული ჰაბი სამხრეთ კავკასიაში.

“კომუნიკაციების კომისიამ, როგორც საქართველოში მაუწყებლობისა და ტელეკომ სექტორებზე პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ, განვსაზღვრეთ მიზანი, ვიყოთ სატელეკომუნიკაციო სფეროში განვითარების ხელშემწყობი და ფასილიტატორი. ჩვენი მთავარი ამოცანაა მომხმარებლებისთვის ციფრული სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომხმარებლების ნდობის გაზრდა. ამისთვის ჩვენი საქმიანობა მიმართულია ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ხელშეწყობის, ადეკვატური მარეგულირებელი გარემოს უზრუნველყოფისა და ციფრული ეკო-სისტემის განვითარებისკენ. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა და პროექტი „Log-in Georgia“, რომელიც ხორციელდება ჩვენი პარტნიორების, მსოფლიო ბანკისა და EIB-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერა, ასევე ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა ციფრული წიგნიერების გაზრდის გზით. პროექტის შედეგად, ინტერნეტს დამატებით 1000-მდე სოფელი და ნახევარი მილიონი მოქალაქე, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა, მიიღებს და ექნებათ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორებიცაა ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება და მმართველობა.“ – განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.

საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირისა (ITU) და გაერთიანებული ერების ერთობლივი ღონისძიებაა, რომლის განმავლობაშიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროს ექსპერტები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ. ფორუმი მაღალი დონის პოლიტიკური სესიებით დასრულდა, რომელშიც პოლიტიკის განმსაზღვრელები და მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელმა პირებმა დაინტერესებულ საზოგადოებას დარგის განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე მოსაზრებები გააცნეს.

ეკატერინე იმედაძესთან ერთად, სესიაში მონაწილეობა ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს რეგულირებისა და ბაზრის გარემოს განყოფილების უფროსმა სოფი მადენმა, საფრანგეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და გაეროში მუდმივმა წარმომადგენელმა ენდრიუ ვილსონმა, აშშ-ს ტატა კომუნიკაციების სამართლისა და შესაბამისობის უფროსი ოფიცერმა ტროი რეინოლდსმა, ასევე ნამიბიის, განას, მალაიზიის, სამოას, კამბოჯას და ჩინეთი რეგულატორების ხელმძღვანელებმა მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ვალის საკითხზე შემუშავებული რეკომენდაციები ვალის მართვის სტრატეგიის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტის „ცოცხალი წიგნები-2022“ ფარგლებში, თუმანიშვილის თეატრში, დათო ევგენიძის საღამო გაიმართა