[Video]არასრულწლოვან ცოლთან სქესობრივი კავშირის გამო ქმარს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

არასრულწლოვან ცოლთან სქესობრივი კავშირის გამო ქმარს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საგარეჯოს რაიონის სოფელ მზისგულში მცხოვრებ 28 წლის ცისკარა გაბრელაშვილს არასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის ასამართლებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულმა 15 წლის მარიამ უზნაძე ცოლად 9 თვის წინ მოიყვანა. სისხლის სამართლის საქმე კი მას შემდეგ აღიძრა, რაც წყვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა „სხვა რაკურსში“ მიიღო მონაწილეობა. გოგონა ორსულადაა, შვილს ივნისში ელოდებიან.

„ჩემი მეუღლე ტელეფონით გავიცანი. ერთი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. ცოლად გასული წლის ივნისში გამოვყევი ჩემი ნებით. მაშინ 15 წლის ვიყავი, 16-ის ახლა ვხდები“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მარიამ უზნაძემ.

ცისკარა გაბრელაშვილის დედის თქმით, მისმა შვილმა და რძალმა ოჯახი 2015 წლის ივნისში სიყვარულით, მშობლების თანხმობით შექმნეს.

„ჩვენ ამ კანონის შესახებ არაფერი ვიცოდით. რომ გვცოდნოდა, ხელს არ შევუწყობდი. ივნისში ბავშვს ველოდებით. მამას რომ დააკავებენ უმამოდ ვინ გაზრდის? რომელი სოციალური მუშაკი იღებს ამას თავის თავზე? 7-დან 9 წელია ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიო“,- აღნიშნა ბრალდებულის დედამ თამარ გაბრელაშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, დანაშაულად მიიჩნევა სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. „წინასწარი შეცნობა“ ნიშნავს, რომ პირმა იცოდა ან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეეძლო სცოდნოდა მსხვერპლის ასაკი. ამასთან, ამ დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, თუ სქესობრივ კავშირს ადგილი ჰქონდა თვით არასრულწლოვნის თანხმობით. ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირის შემთხვევაში კი ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც გაუპატიურება.

ცისკარა გაბრელაშვილთან დაკავშირებულ საქმეს სიღნაღის რაიონული პროკურატურა იძიებს.

ბოლო სამი თვის განმავლობაში, მარტო სიღნაღის რაიონული პროკურატურა სსკ–ის 140–ე მუხლით გამოძიებას დაახლოებით ათ საქმეზე აწარმოებს.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს – კანონის არცოდნა არავის არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. ეს არის სამართლის უნივერსალური პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველი რომაული სამართლის წიაღიდან მომდინარეობს“, – ამბობს იურისტი გელა შაშიაშვილი.

მისივე თქმით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან დასჯადი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით იმთავითვე, თუმცა სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ საკითხისადმი ლოიალური იყო.

„ამ პოლიტიკის გადასინჯვა და შეცვლა განხორციელდა 2015 წლის ბოლოს არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის აქტივობის შედეგად“, – აღნიშნავს იურისტი.

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით საქორწინო ასაკი განსაზღვრულია 18 წლით. ამასთან, გათვალისწინებული იყო 16 წლის ასაკს მიღწეული პირების ქორწინება მათი მშობლების თანხმობით. 2016 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს გარდამავალი (დროებითი) ნორმა (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1507.3), რომლის თანახმად, გამონაკლისის სახით დაიშვება 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება – მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება. ეს ნორმა დროებითი ხასიათისაა და იგი მოქმედებს 2017 წლის 1 იანვრამდე, რის შემდეგაც ქორწინება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საერთო წესით.

 კახეთის საინფორმაციო ცენტრი

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკელები“ მზად არიან, იყვნენ მმართველ კოალიციაში, საპარლამენტო ოპოზციაში ან პარლამენტს გარეთ”
შემდეგი სტატია(video)სავჩენკოს დედამ მსოფლიო ლიდერებს და ჟურნალისტებს თხოვნით მიმართა