ცოლისა და შვილების მიმართ ძალადობა და იარაღის შეძენა-შენახვა – პოლიციამ “ქართული ოცნების” წევრი დააკავა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი დაკავებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: რუსეთთან შეერთებაზე აფხაზთა მიერ გამოხატული მკვეთრად უარყოფითი რეაქცია უნდა გვახარებდეს!
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივ ტრანსპორტს, შესაძლოა კონდიციონერის ჩართვის უფლება მისცენ