ცოდვისა და ცოდვილთა შესახებ

ქრისტე მაცხოვარმა ცხრა ნეტარება იქადაგა. მას შემდეგ ათასწლეულებმა განვლეს და მიუხედავად ამისა, თვით თანამედროვე ადამიანიც კი, ძველი აღთქმისეული მსოფლმხედველობიდან ვერ გამოსულა. ქრისტე მაცხოვარმა ახალი აღთქმის ეკლესია დააფუძნა, დღეს კი ზოგიერთი მღვდელ-მოძღვარი ძველი აღთქმისეულ სამსხვერპლოსთან დგას ჯერაც!!! თუ გავითავისებთ წმ . იოანე ოქროპირის ნათქვამს :” აღიტაცა ღმერთმა ჩემი გონება ზეცად. იქ ვიხილე ისინი, ვისაც არ ველოდებოდი და არ მიხილავს ისინი, ვისაც ველოდებოდი”, – მაშინ გამარტივდება მისასვლელი გზა სახარების სიმართლესთან. ცოდვასთან სოლიდარულობა სულის კვდომაა, ცოდვილის შეწყნარება საღმრთო სათნოება, ცოდვის უარყოფა კი კეთილსინდისიერებით ღმერთთან მიგებება. თუკი ვიცით, რომ არავინ არის მართალი ,ვინც ადამიანად იწოდება, მაშინ გვეცოდინება ისიც, რომ ჩვენი გამართლება მარადიული მსაჯულის საღმრთო მოწყალებაში განსვენებაა. ამრიგად , ერთმანეთისთვის ქვის სროლამდე, უმჯობესია მიწაზე დახედვა. იქნებ, მაცხოვრის ხელით ჩვენდამიც იწერება ის, რომელიც სხვისი ჩაქოლვის მიზეზად გვესახება. ერთმანეთთან და უფალთან თანაცხოვრებაში ხელოვნურობა, გართულება აცდენაა სასუფევლისაგან. აი, რას გვამცნობს წმ . ანდრეა კრიტელი თავის საგალობელში, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირაში იგალობება: ”მარტივი ვარ, მარტივი ვარ, მარტივი ვარ, ამბობს მამა, ძე და სულიწმიდა” .
თუ ეკლესიის სწავლება უღვთო, უცოდინარი, პრიმიტიული გონებისთვის მიუღებელია,
მისი უგონობის არარაობაში მსვლელობის გამოაშკარავება ქრისტეს, სულიწმიდით მოსილი მოციქულებისა და წმიდა მამების სწავლების შუქზე უნდა მოხდეს. ქრისტიანული მოძღვრება არის ცოცხალი ღმერთის სარწმუნოება და არამც და არამც იდეოლოგია.

ალბათ, დადგა დრო ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა არის ცოდვა, რას მოაკვდინებს იგი ადამიანში და რა შედეგები მოაქვს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვა ან ბოროტება არც სუბსტანციაა და არც არსება. `ცოდვა არარაობაა~ _ წერს ნეტარი ავგუსტინე. ”ცოდვა საკუთრივ სუბსტანცია არ არის”_წმ. გრიგოლ ნოსელი. უფრო მეტიც, წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვამცნობს: `დემონებიც კი არ არიან ბოროტნი ბუნებით, არამედ ამგვარნი ხდებიან საკუთარი ბუნებითი ძალების არასწორად გამოყენებით”. ცოდვა, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი თავისუფალი ნების არჩევანით მოქმედებული ისეთი მდგომარეობაა, რომელიც არაუფლისმიერ დასაბამს წარმოადგენს. და რადგან მას არა აქვს უფლისმიერი დასაბამი, არმყოფია და ამიტომ არარსებულად იწოდება. იგი მოქმედებაა, რომელიც გვაშორებს ღმერთს, მის სიყვარულს. პირველმა დაშორებამ მოიტანა სწორედ სულისა და სხეულის ურთიერთგაყოფა, რაც ურთიერთგაყრის საწინდარი გახდა, რადგან დაირღვა სულისა და სხეულის ერთიანობა. სულის სიკვდილს მოჰყვა სხეულის სიკვდილიც. ამის მიზეზით გახდა სიკვდილი ჩვენი არასასურველი სტუმარი. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელმაც სიკვდილი გარდაცვალა ჩვენში, ხოლო ჩვენ გარდაგვცვალა ქრისტეში. ცოდვისადმი ჩვენი ნების მიმართება ერთგვარად განსაზღვრავს, რამდენად არის ჩვენი მისწრაფება ღვთისადმი. უფლისაკენ მისწრაფება კი, არის რა ცოდვასთან განშორების შესაძლებლობის მომცემი და მუდმივი სულიერი სიკვდილისაგან თავისდამღწეველი, მომავალი მარადიული და ნეტარი ცხოვრების დასაბამია ქრისტეში. ღვთისაკენ მისწრაფების პროცესში პიროვნების სულისა და სხეულის პირვანდელი ურთიერთჰარმონია ღორძინდება და სრულყოფილების ელემენტები იწყებენ მასში შენებასა და მკვიდრობას. ამდაგვარად იბადება სასუფეველი ჯერ დედამიწაზე ცხოვრების ჟამს და შემდგომ გარდაცვალების წამიდან განივრცობა უკვდავებაში. როდესაც საუბარია ზოგადად ცოდვაზე და მის მიერ მოწევნულ ტანჯვაზე, უნდა შევიმეცნოთ შემდეგი: როგორც აღვნიშნეთ, ეს არის მოქმედება, რომელიც პირველად მოიმოქმედეს ევამ და ადამმა ედემის ბაღში. ასე შემოვიდა იგი ქვეყნიერებასა და პირველი ადამიანის მემკვიდრეებში. ამ განშორებამ შემდეგ წარმოშვა მრავალი ამდაგვარი მოქმედება კაცობრიობაში. ათი მცნების შემოსვლამ ამხილა ცოდვა, როგორც საყოველთაო საღმრთო წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ცოდვის,როგორც უწესრიგობის, მაჩვენებლად დადგინდა სჯული, რასაც უნდა აღედგინა სულისა და სხეულის ერთიანობა და უფალთან დაკარგული ურთიერთობა. ამ ურთიერთობას, ფართო გაგებით, ღმერთში მყოფობა ეწოდება. რადგან ცოდვის შედეგად ადამიანი მოაკლდა ნეტარებისა და სულიერი განსვენების მდგომარეობას (რომლის საწინდარი და მომცემი არის მხოლოდ უფალი), ცოდვითობა გახდა სულიერი ტანჯვის მიზეზი, რამეთუ მას ახლავს სინდისის ქენჯნის უწყვეტობა და სირცხვილის გრძნობა. როდესაც საუბარია დიდ და მცირე ცოდვებზე, აქ არ იგულისხმება წონა და სიმძიმე მატერიალური შეფარდებით, რამეთუ იგი არც იწონებადა არც განიზომება პირდაპირი გაგებით და მისი წონადობა(0)-ის ფარდობითია. დიდ (მომაკვდინებელ) და მცირე ცოდვებში იგულისხმება რთულად დასაძლევი და შედარებით მარტივად დასაძლევი. მხოლოდ უნდა ითქვას, რომ იგი დამაბრკოლებელია და შესაბამისად საშიში, რამეთუ მასში დარჩენილი ადამიანი მოუმზადებელია და შეუთვისებელი სასუფევლისთვის, რამეთუ არარაობაში მყოფი არარაობაში აგრძელებს ცხოვრებას. ხაზს ვუსვამ, მასში დარჩენილი ადამიანი, რომელსაც არ აქვს ვედრება უფლისადმი და არც გამოსწორების მცდელობა. ნებისმიერ ცოდვას შეუძლია, სულიერი სატანჯველის დასაბამი გახდეს პიროვნებისთვის და გადაიქცეს დაუძლეველ ვნებად, რაც გარდაცვალების შემდეგ აგრძელებს პიროვნებაში არსებობას და დაუსრულებლად ვითარდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვერცერთი მანკიერება ვერ დაძლევს უფლის მადლსა და ძალას. ამიტომ არის გადმოცემული წმ. წერილში: ”ვინაიდან ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რადგან გამრავლებული იყო დანაშაული. ხოლო სადაც ცოდვა გამრავლდა, უფრო გაუხვდა მადლი”. რომ. 5, 19-20. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ თუ არსებობს მცდელობა და გამოხატული სურვილი ცოდვისაგან თავის დასაღწევად, არის რა ეს მდგომარეობა სინანული, შესაბამისად, ღვთისგან დაუმადლებლად და დაუბრკოლებლად ეძლევა შენდობა ადამიანს მისსიცოცხლეში, როგორც უფლისაგან ჩვენდამი სიყვარულისა და მოწყალების წარუშლელად არსებულის შედეგი. ის, რაც ღმერთს აშორებს ადამიანს, ნებისმიერი ქმედება ერთობლიობაში ცოდვად განიხილება. მისი დაყოფა პირობითია იმის გათვალისწინებით, თუ ვინ რომელი შეითვისა და შეიყვარა. ესეც იმიტომ, რომ შესაბამისად მოხდეს დარღვეული სულის აღდგენა და აღორძინება, გათავისუფლება იმ წყლულებისგან, რომელთაც რომელიმე მათგანი ჰყავს მოცული. რა თქმა უნდა, არის ისეთი ბოროტებანი და მანკიერებანი, რომლებიც ზიანის მომტანია სხვისთვის და მისი ერთხარისხობრივი გააზრება შეუძლებელია სხვა დანარჩენ მანკიერებებთან, მაგრამ სინანულის _ მონანიების ძალის არსებობის ყოვლისშემძლეობით ვერ მივცემ საკუთარ თავს იმაზე მეტის თქმის უფლებას, რაც წმ. წერილის სულისკვეთებაშია გადმოცემული: ”წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი.” სწორედ ამ ნებელობის გააზრებას შესწევს უნარი, საკმარისად დაგანახოს უფლისმყოფობისა და ბუნების არსი. რას მიუგებ ახლა შენი გულის სიღრმეში გაჩენილ კითხვას პასუხად, როდესაც ისმენ, რომ ძალმოსილი უფალი გეუბნება: წყალობა მნებავს შენთვის! ნეტავ თუ არის კიდევ სხვა რამ, რომელსაც შესწევს უნარი, დიდი სიმძაფრით გვაგრძნობინოს უფალთან სიახლოვე, როგორც ეს მისი მოწყალე ბუნების გააზრებას ძალუძს. დიახ, სიახლოვე, რამეთუ იგი იმედიანი სინანულის, ნეტარებაში ჩვენი განსვენების დასაბამის აღმომაცენებელია. მონანიება ხომ უარის თქმას ნიშნავს იმაზე, რასაც ვაკეთებდით ან შესაძლოა ჩავიდინოთ ოდესმე. უარის თქმა კი გონების შემობრუნებას, შეცვლას ნიშნავს, რასაც თან ახლავს სულის განწმენდა და გათავისუფლება. ცოდვა ვერ წარგწყმედს, იგი წარწყმედისთვის გამზადებს. იგი, როგორც არსით არარსებული,ვერ აღემატება არსით არსებულის ძალმოსილებას, ამიტომ სატანჯველი მოუნანიებელი, გამოუსწორებელი, გარდაუქმნელი სულის მდგომარეობაა და, ამდენად, წარწყმედა მოუნანიებელი მდგომარეობის სინონიმია. სხვაგვარად, უკვე უსაშველოდ და უიმედოდ წარწყმედილა თითოეული ადამიანი დასაბამიდან, რამეთუ ერთი ცოდვის, სულ მცირე და უმნიშვნელოს ჩადენის შემთხვევაშიც კი უკვე დასრულებულა გამოხსნის შესაძლებლობა.

ცოდვაზე გადაჭარბებულმა აქცენტმა, შესაძლოა ისევე დააშოროს ადამიანის გონება ღმერთს, როგორც ჩადენილი ცოდვის მოქმედებამ. უმჯობესია, იფიქრო კეთილსულიერებასა და საღმრთო სიკეთეზე და მუდმივად გახსოვდეს რომ ცოდვილი ხარ. ცოდვილობის განცდას (რასაც თან ახლავს უფლის მოწყალებისადმი სასოება) და ცოდვებზე ფიქრსა და მასზე დაუსრულებელ საუბარს შორის უმნიშვნელოვანესი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ცოდვილობის განცდა და გააზრება(სინანულის ძალით) უფლის მოწყალებას გამთხვევს, ხოლო ცოდვებზე დაუსრულებლად მოარულ გონებას, ცოდვის ქვეშევრდომობაში ატყვევებს. ასეთ დროს საკუთარ თავს სასოწარკვეთილების ქვემდებარეს ხდი, ხოლო ცოდვას აღიქვამ როგორც სუბსტანციურს. წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს -”ცოდვა საკუთრივ სუბსტანცია არ არის’.’ წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი წერს-”თუკი მეტისმეტად დაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, მე შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი, და ამიტომ – იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიურიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენებენ ზეცაში; შექმნილი ღმერთი, რომელიც ქრისტეს ვნებათა გზით მიემართება უხრწნელი და წარუვალი საუკუნო დიდებისაკენ”.
მეორეს მხრივ, თუ სხვის ცოდვებს უთმობ შენს ყურადღებას, საუბრობ მის შეცოდებებზე, ნაკლსა და სისუსტეებზე, ასეთ შემთხვევაში ასამართლებ. ერთიც სასუფევლის მიღმა გტოვებს და მეორეც. ზნეობას , როგორც ფუნდამენტს, ურგებს ხდი და ექვემდებარები ყალბი მორალის პირმშო ამორალობას. წმ. სერაფიმ საროველი წერს- ”ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული, იმას სხვისთვის თვალყურის სადევნელად არ სცალია. თავი განიკითხე და მოეშვი კაცთა განკითხვას. ცუდი საქმე კი განიკითხე მაგრამ ადამიანს ნუ ერჩი. ნურავის განვიკითხავთ, თუნდაც საკუთარი თვალით ვხედავდეთ, რომ კაცი სცოდავს ანდა უკვე დამყაყებულიც კია ღმერთის მცნებების გადასვლაში, რადგან ღმერთმა გვიბრძანა: “ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ” (მთ. 7,1).
ვინც დაასრულებს სხვათა წარწყმედაზე საუბარს, სწორედ ის ჰპოვებს მარადიულ სიცოცხლეს.ცოდვა საკუთარ თავში შეიზიზღე. სხვის მიერ ცოდვის ჩადენის ხილვისას კი თვალზე ხელი აიფარე. წმ. იოანე სინელი წერს-”თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან”. ხოლო წმ. იოანე ოქროპირი ამბობს- ” ნუ იამაყებ იმით, რომ დგახარ, არამედ გეშინოდეს, რომ არ დაეცე”.
თუ დაცემული ადამიანი ნამდვილად გიყვარს და მასში არსებულ ღვთის ხატებას ხედავ, ცოდვას გამოსტაცებს ხელიდან მოყვასისადმი არსებული შენი სიყვარული, რომელსაც აქვს ერთი სახელი-სხვისი დაცემით გამოწვეული წუხილი. წმ. ტიხონ ზადონელი წერს-”როდესაც მოყვასში რაიმე ცუდს დაინახავ ან გაიგებ, მდუმარება დაიცავი, უფალს კი მისი გამოსწორება შესთხოვე; იმასაც ეცადე, რომ შენც ასეთივე ცოდვაში არ ჩავარდე, რადგან ყოველი დაცემა უძლურებაა”. ხოლო მღვდელ-მოძღვართა გასაფრთხილებლად ამბობს წმ. იოანე ოქროპირი- ”ჩვენ, მღვდელმსახურებს, აღთქმა გავქვს მოცემული იმად, რომ სიტყვით, სიმშვიდე მორჩილებითა და დარწმუნებით აღვასრულებდეთ ადამიანთა ხსნას. მეფე აიძულებს, მღვდელი კი – არწმუნებს; პირველი ბრძანებით მოქმედებს, მეორე კი – რჩევა დარიგებითა და შეგონებით.
ღმერთი შეგონებით მოქმედებს და არა – იძულებით; იგი გვარწმუნებს, გვირჩევს, გვაფრთხილებს ჩვენი ყოველი ბოროტი წამოწყების ჟამს, მაგრამ არასოდეს არ მოქმედებს იძულებით, რამეთუ ჩვენ, მის გონიერ ქმნილებათ, თავისუფალი ნება გავქვს მონიჭებული. მსაჯულნი დააშინებენ ადამიანებს, მღვდელნი კი, დაე, ნუგეშს სცემდნენ! მთავარნი ემუქრებიან მათ, ეკლესია კი, დაე, განამხნევებდეს! ყველას მეშვეობით კი ღმერთი ჩვენს ცხოვრებას განაგებს, რამეთუ აკი მანვე შეაიარაღა ხელმწიფენი ამა ქვეყნისა და ძალაუფლებაც მიანიჭა მათ, რათა კადნიერთ შიში ჰქონდეთ. და მღვდელნიც მანვე აკურთხა იმისათვის, რომ ისინი გლოვიარეთ ანუგეშებდნენ”.
ქრისტე საკუთარ არსებაში ჰპოვე, მეორე ადამიანში კი დაინახე!!! ცოდვის ჩადენისკენ თუ მოგიწოდებენ, ნუ აღელდები. შენს თავისუფალ ნებას ვინ აიძულებს რაიმეს?! წმ. კირილე იერუსალიმელი წერს- ”ბოროტება თავისუფალი ნების აღმონაცენია და ამიტომ მისი დაძლევისათვის აუცილებელია თავისუფალი ნებისავე ახალი ძალისხმევა. აუცილებლობით და იძულებით კი არა, ჩვენი თავისუფალი ნებიდან მომდინარე გადაწყვეტილებებით მოვიპოვებთ ღმერთის შვილობას, ღმერთის ძეობას – არა რწმენით აღვსებამდე, არამედ ჩვენი რწმენისა და თავისუფალი ნებელობის შედეგად’.’
ცოდვით დაცემის შიშზე მეტად, მისი სიყვარულის გეშინოდეს, რამეთუ თავად სიყვარულის დამბადებელს გართმევს.ყოველი განსაცდელი უკეთესი მომავლისათვის ეგზავნება, როგორც ღვთის მაძიებელს, ასევე მის უძიებელს.ცოდვას შეხედე როგორც განსაცდელს, როგორც უფლისა და ადამიანისადმი შენი სიყვარულის ხარისხის მსაზღვრელს და ერთგვარ მწვრთნელს. ყოველივე ეს უნდა გვახსოვდეს ვიდრე ჩავიდენთ და მაშინაც კი თუკი ჩავიდენთ. ”სადაც განსაცდელი არ არის, იქ არც ცხონებაა”-.აღნიშნავს წმ.სერაფიმ საროველი. .
წმ. წერილი ამბობს ” სადაც გამრავლდება ცოდვა იქ აღემატება მადლი”.. რას ნიშნავს ეს : უფლის მიერ ცოდვისაგან გამოხსნისა და გადარჩენის გზა ყოველთვის არსებობს. ზოგჯერ ცოდვის ჩადენა ღვთის მიერ ეშვება, რათა ამპარტავანი დამდაბლდეს, იმისათვის რომ ამაღლდეს სინანულის ძალით. პავლე მოციქული საკუთარ უძლურებაში ხედავდა ღმერთის ძალას, ეს გვახსოვდეს! ადამიანები წმინდანებად არ იბადებიან, ქრისტეში წმინდანობას ეზიარებიან მას შემდეგ, რაც შეიცნობენ საკუთარ უძლურებას და მდაბლად უხრიან საკუთარ თავს შემოქმედ ღმერთს! წმ იოანე დამასკელი წერს-”ღმერთმა ადამიანი ბუნებით უცოდველი და ნებით თავისუფალი შეჰქმნა. უცოდველი, რომ ვამბობთ, იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ თითქოს, იგი მიდრეკილიც არ იყო ცოდვისაკენ და სრულიად განშორებოდა მას, – არა, არამედ ამით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეცოდების შესაძლებლობა თვით ადამიანის ბუნებაში როდი მდგომარეობდა, – იგი თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული და ამ ნებიდან გამომდიანარეობდა, ხოლო უცოდველი მხოლოდ ერთი ღმერთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი მადლის შეწევნით ადამიანს შეეძლო, თუკი ამას ნამდვილად ისურვებდა, მარადის სიკეთეში ჰგიებულიყო და სათნოებაში წარმატებულად ეცხოვრა, თუმცა იმავდროულად, თავისუფალი ნებელობის ძალით, ასევე შეეძლო განშორებოდა სიკეთეს და ბოროტებას მიმთხვეოდა”.
არავინ წარწყმდება სხვის მიერ და არავინ ცხონდება სხვის მიერ. ყოველი ადამიანი თავისუფალი ნებით მოქმედებს და ღებულობს გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ნეტარი ავგუსტინე წერს- ” ღმერთს არასდროს არაფერში ძალადობა არ გამოუყენებია თავისი ქმნილების მიმართ და ყოველთვის შეგონება–დამოძღვრით, დარწმუნებით მოქმედებდა და მოქმედებს. ძველი მონობის აღმოფხვრის შედეგად (როცა უფალმა იესო ქრისტემ გაგვათავისუფლა ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან), აწ თავისუფლების ჟამი დაგვიდგა, და ადამიანისთვის დროულიც და მაცხოვნებელიც იყო იმის უწყება, რომ იგი თავისუფალი ნების მქონე გონიერ არსებად არის ღმერთის მიერ შექმნილი”. .

წმ. წერილის ღაღადისი თითქმის ვედრებაა უფლისაგან ჩვენდამი: დამინახეთ, რომ მოწყალე ვარ. რათქმაუნდა, ღმერთს არაფერი აქვს ადამიანისადმი სავედრებელი, მაგრამ მისი სიყვარული იმდენად ამოუწურავია, რომ ვედრებასაც არ ითაკილებს ძლევამოსილი მაცხოვარი. განა ვედრებაზე დიდი ვედრება არ იყო ჯვარცმა? რა გვეთქმის, გარდა იმისა, რომ მადლიერებითა და შეწყალების თხოვნის ვედრებითვე ვუპასუხოთ შემწყალებელ მვედრებელს ჩვენდამი. განა გეთსიმანიის ბაღში ძე ღვთისას სისხლცრემლიანი ლოცვა; -ვედრება არ იყო ჩვენს საცხოვნებლად მამისადმი წარმოთქმული? ან იუდასთან უფლის ჯვარცმამდელი საუბარი, როდესაც მაცხოვარი ცდილობდა, გამოეთხოვა შენდობა გაცემის წილ, რათა მიემადლა სასუფეველი. მაგრამ არა, არც იუდამ და ვერც ზოგიერთმა ჩვენგანმა ჯერ კიდევ ვერ დავიჯერეთ,რომ უფალი წყალობისა და სიყვარულის ღმერთია. მისი მოწყალება მუდმივად ვრცელდება ჩვენზე. ამიტომ მუდმივად გვმართებს სურვილისა და თხოვნის გამოხატვა, რათა შეწყალებას არ შევუშალოთ ხელი. ღმერთისგან მოტევება მყისიერია, თუკი არსებობს სინანული. ათონის წმ.მთის მოღვაწე, მამა არსენი მღვიმელი ყვებოდა გრიგორიატის მონასტრის ბერზე მაკარზე, რომელიც 1975 წელს გარდაიცვალა: `მამა მაკარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბერი იყო, რომ სძლია მშობელთა სიყვარულმა და მცირე ხნით ერში წავიდა. იქ დაეცა და შემდეგ დაქორწინდა კიდეც. შეეძინა ვაჟი, რომელმაც, უკვე წამოზრდილმა, თავისი უცოდველი თვალებით მამის მკერდზე გამოსახული წითელი ჯვარი დაინახა (ბერძნები ბერის შავ სქემაზე წითელ ჯვარს ქარგავენ) და უთხრა მამას: ”მამიკო, მკერდზე წითელი ჯვარი გახატია და კიდევ _ რაღაც ასოები”. მამა მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს, სინდისისაგან მხილებული უკან, ათონზე დაბრუნდა და მონასტრის ძმობას სინანულის მაგალითი მისცა. ღმერთმა კი ნიშანი მოგვცა, რომ შეიწირა მისი სინანული და ცოდვა მიუტევა _ ”გარდაცვალების შემდეგ მამა მაკარის სხეულს მირონი დაედინა”. თუ გავიგე და ვირწმუნე, რომ უფალი მოწყალეა, მისი სასწაულის ძალაც იმაში მდგომარეობს, რომ უმალ იბადება სინანული და მოწყალებაც მყისიერად გვეძლევა. რამეთუ იგი არ იგზავნება არც რაიმეს სანაცვლოდ და არც დროის მიხედვით, იგი მუდამ თანმდევია ჩვენი, მუდმივად არსებული. ამის შესახებ ამბობს მოციქული პავლე:”მაშინ აღარ იქნებოდა მადლიც მადლი”. რომ. 11,6. მოწყალების მიღების პრობლემა მაშინ ჩნდება, თუ ვერ ვგებულობთ და ვერ ვირწმუნებთ, რომ უფალი მოწყალეა. უფლისმიერი მართლმსაჯულება და სიყვარული არ შეიძლება ისე გავიგოთ, როგორც ეს მედალიონის სხვადასხვა მხარეს დაწერილი ცნება: ერთ მხარეს მოწყალე და მეორე მხარეს მსაჯული. ანუ ვინც უფლის მცნებებს მისდევს, მას სიყვარულით თუ მოწყალებით ეგებება მაცხოვარი და ვინც მცნებების წინააღმდეგ ცხოვრობს, მას- ცალსახა მართლმსაჯულებით. რა თქმა უნდა, არა. უნდა ვიცოდეთ რომ, სიყვარული და მართლმსაჯულება, მოწყალება და სამართლიანობა, ურთიერთ საწინააღმდეგო ცნებები არ არის უფალში. მთავარია, ჩვენ როგორ ვხედავთ მას და როგორ ვცხოვრობთ მასში. როგორი მხედველობა და ცხოვრებაცაა ჩვენ მიერ, იმდაგვარია მიმღეობაც. ცოდვა მსაჯულად მყოფს განახვებს და სამართლიან მსაჯულებას მიგამთხვევს, ხოლო სიკეთე _ მოწყალებას და სიყვარულს. ჩვენი სულიერი გასაჭირი ის არის, რომ გვიძნელდება დავიჯეროთ _ ღმერთი სიყვარულია, მასში მოწყალებაა. ამ სიყვარულში შესული და მასში დარჩენილი გადარჩება, რამეთუ იგი განმათავისუფლებელია. მისი არხედვა გვიშლის სწორედ ხელს, გარდავქმნათ ჩვენი გონება და სული სიყვარულისა და მოწყალების შესაცნობად და სარწმუნებლად. ამ სირთულეს წარმოშობს არა მხოლოდ დამახინჯებული ცნობიერება, არამედ აგრეთვე ცოდვილ ცხოვრებაში ყოფნა და სასოწარკვეთილება, რომელიც უსასოს ხდის ჩვენს შეგნებასა და ხედვას.

ეს არის ჩვენი პრობლემა, რომელსაც ამპარტავნება, ანუ საკუთარ თავზე მინდობის თვალახვეულობა გვიქმნის; მეორე მხრივ, ჩვენი ღვარძლიანი და არაკაცთმოყვარე გულისა და მენტალიტეტის აზვირთება, რადგან დაუჯერებლად მიგვაჩნია მაინც პატიება, რამეთუ სხვათადმი მიუტევებლობის პირადი პრობლემა გვაქვს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უფალი ერთიანობაში მოიცავს სიყვარულსაც და მართლმსაჯულებასაც, მისი მყოფობა ცალსახად დამსჯელად მომართულის სახედ ეჩვენება უსიყვარულო, ცოდვის მოყვარე, მაკერპებელს და ცოდვისათვის გადამეტებული ძალის მიმჩნეველს. ასეთი ადამიანი კი ემსგავსება ძველი აღთქმის მიმდევარს, რომელსაც სულიერი ხედვა არ განვითარებია სათანადოდ, რათა დაენახა სიყვარულის ღმერთის ბეთლემში შობა და ჯვარცმა. როდესაც უფალი მოგვიწოდებს ,სინანულისკენ მომწოდებელი გვთავაზობს ნების გამოვლინებას, რომ დავთანხმდეთ და დავმორჩილდეთ მის მოწყალებას, რათა მივიღოთ, შევიტკბოთ და მადლობა შევწიროთ მას. განა არის ადგილი, სადაც უფალი არ მყოფობს? ან თვით ჯოჯოხეთი უფლის გარეშე არსებობს? ნიშანდობლივი ის არის, რომ ჯოჯოხეთი უფლის მოწყალების არ მრწმუნებელთა შესაბამისი მდგომარეობაა, . ეს არის მდგომარეობა ცოდვისაგან თავდაღწევის არ მსურველთა და წყალობის მიღების შეუძლებლობად მიმჩნეველთათვის. განა პავლე მოციქული იმისათვის აირჩია უფალმა, რომ იგი კეთილ საქმეს აღასრულებდა იმჟამად? იგი იმიტომ გამოარჩია, რომ მისთვის უფალი უმეტესად მსაჯული იყო, რომელსაც დიდი მოშურნეობით ემსახურებოდა, როგორც მსაჯულს და ამიტომაც მას უნდა ესაუბრა უფლის გულმოწყალებაზე. მისი ბაგე შეიქმნა მეტყველი შემოქმედში არსებულ გამოუთქმელ სიყვარულზე. გავიხსენოთ,რას წერს მოციქული პავლე: `სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჩემში პირველად ეჩვენებინა მთელი სულგრძელობა მათდა სანიმუშოდ, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის~. 1 ტიმ. 1,16. თვით ის, რომ ახალი წუთი და დღე დგება, ესეც ხომ უფლის მოწყალებას ღაღადებს. განა ერთი ადამიანის ჩადენილი ცოდვა აღემატება კაცობრიობის ცოდვებს დასაბამიდან? მაგრამ კაცობრიობა მაინც არსებობს, რადგან მისი დამაარსებელი სიყვარულისა და მოწყალების უფალია. არაფერია, რაც გარდაქმნის ან გარდასახავს შემოქმედის ნებას, რაც შეცვლის მის დამოკიდებულებას მის მიერ დაბადებული ქმნილებისადმი. ან კიდევ, რას შეუძლია შეურაცხყოს უფლის სიწმიდე? რას შეუძლია განარისხოს მისი სიმშვიდე? რას შეუძლია დანანების აღძვრა მასში კეთილი საქმის აღსრულების გამო, როდესაც შექმნა სამყარო, სადაც კაცობრიობის საცხოვრისი მზადდებოდა. იმ კაცობრიობის, რომლის აწმყოც და მომავალიც წინასწარ იცოდა. მაგრამ იგი მაინც ქმნიდა, რამეთუ სიყვარულია. განა მას შემდეგ რამე შეიცვალა უფალში? რა თქმა უნდა, არა! განა იგი ვინმეს სჯის სატანჯველის მიგებით? ვინ ჰკადრებს შეპასუხებას ან სიტყვის -გებას პავლე მოციქულს, სიყვარულის დიდ მოძღვარს:`ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს~. გალატ. 6,7-8. კიდევ უფრო წარმოაჩენენ უფლის სიდიადეს და მის ამოუცნობ განგებულებას წმ. მამები, როდესაც წერენ: ჯოჯოხეთიც ღვთის მოწყალებიდან მომდინარეა იმ ადამიანთათვის, რომელთაც არ სურთ ნეტარების სუფევაში დამკვიდრება, რამეთუ სასუფეველი მათთვის უმეტესი ტანჯვა იქნებოდა. დიდებულად გვამცნობს წმ.იოანე ოქროპირი: ”გეენიაც სიყვარულის გამოვლინებაა. მოდით, ისე შევიყვაროთ უფალი, როგორც ეს მისთვის სათნოა, ღმერთი ამას დიდად შეგვირაცხავს. როდესაც ღმერთს ზურგს ვაქცევთ, ის კვლავ მოგვიწოდებს, ხოლო თუ მაინც მისკენ არ მივიქცევით, ჩვენდამი სიყვარულის გამო გვსჯის და არა იმიტომ, რომ ჩვენი დასჯა სწადია”. ხოლო სხვაგან იტყვის: ”საკვირველია, უფალო, შენი აღთქმები, საკვირველია მოსალოდნელი სასუფეველი, მაგრამ საკვირველია აგრეთვე ჯოჯოხეთიც, რომლითაც შენ გვემუქრები. ჩვენ სასიკეთოდ აღგვაფრთოვანებს სასუფეველი, დიდი სარგებელით გვაშინებს გეენია” .გავიხსენოთ მაცხოვრის შთასვლა ჯოჯოხეთში, იქ მყოფთათვის მისი ხელის გაწვდენა.

რა ადგილი ჰქონდა უფლის მისვლას იქ, სადაც ტანჯვაა და მწუხარება დაუსრულებელი? თუ მან წარგზავნა ისინი სატანჯველში, როგორც მიმგებელმა ცოდვის ჩადენის წილ, რატომღა მიდიოდა მათთან დასახმარებლად? უფლის მცნობელი მიხვდება, რომ უფალი თავისი არსებით ყველგან არის. იგი არავის სჯის. მას არ დაუვიწყებია ისინიც, რომელთათვისაც არ იყო ჯერ კიდევ ღია სასუფევლის კარი, იყვნენ რა განსვენებულნი აბრაამის წიაღში. ისინიც, ვინც ჯოჯოხეთში მიიღეს მხსნელად ქრისტე მაცხოვარი. მას ყოველთვის უყვარს ყველა, მას დრო და ჟამი არ გარდაქმნის. დასჯა შედეგია უფლის სიყვარულსა და მოწყალებაში არ მცხოვრებთა შედეგობრივი მდგომარეობისა, რომელსაც მოაწევს ადამიანი საკუთარ თავს თავისუფალი ნების არჩევანით. დიდებულად ბრძანებს წმ. ბასილი დიდი, როდესაც აღნიშნავს: ”ბოროტება მოკლება არის სიკეთისგან”. როდესაც რაიმეს გავაკეთებთ და დაზიანდება, ან ვისშიც ჩავდებთ ამაგს, შრომას და იგი კი სათანადოდ არ გამოიღებს ნაყოფს, ხომ მასზე მეტად ჩვენ გვეტკინება და დაგვენანება! ანკიდევ, რა იცის ბავშვმა, როგორია მშობლის სიყვარული მისდამი? რაოდენ უწესო და არასასურველი შვილიც არ უნდა გყავდეს, ხომ მაინც ამბობ: რა ვქნა, ჩემი შვილია. სადამდეც გეყოფა შესაძლებლობა სიყვარულის უნარის გამოვლინებისათვის, იქამდე მაინც ვერ იმეტებ შესაბამისი მიგებისათვის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ გიყვარს. ახლა უფალთან მიმართებაში განვაზოგადოთ ჩვენი უნაყოფო მოქმედებანი. არის რაიმე, რაც უფლის სიყვარულს და განწყობას შეცვლის ჩვენი არსებისადმი? იგი ხომ არსით უცვალებელია! იგი ხომ არსით სიყვარულია! ყოველივე ამის შესახებ მისთვის ვწერ, რომ მათ, ვისაც ცოდვის ჩადენისაგან თავის დაღწევა სურს და ჯერ ვერ მიუღწევია საწადელისთვის (ასეთი კი ყოველი ჩვენგანია), არასოდეს თქვან: უსაშველობა მჭირს და ვერ გამოვსწორდები, ან კიდევ: უფალი არ მაპატიებს ჩადენილ მოქმედებას. კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნოთ, რომ ზოგადად ჩვენი ხსნა უკვე განხორციელდა, როდესაც მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები ჯვარზე შემუსრა. უფლის მიერ ინდივიდუალური გამოხსნა ცოდვისაგან კი დაუსრულებელი პროცესია, ჩვენი მცდელობების კვალდაკვალ, როდესაც მივმართავთ მონანიებისა და აღსარების საიდუმლოებას. ვერ ვპოვეთ ჯერჯერობით უფალი ჩვენში? დავრჩეთ მის მოლოდინში და მისკენ სწრაფვაში. იმ იმედით, რომ იგი სრულყოფილი სიყვარულია და გზააბნეულს თავად მოგვძებნის… მოგვძებნის,თუკი ველოდებით…
უარმყოფელი პეტრეს ცრემლებში, მეძავი მარიამის სიწმიდეში, ჯვარცმული ავაზაკის სიმართლეში დაგინახე უფალო…

მეუფე ზენონი

banner
წინა სტატიაშიდღეს ქუთაისს ცნობილი საოპერო ტენორი ანტონელო პალომბი ეწვევა
შემდეგი სტატია“ივანიშვილის გუნდის წევრებს მიღებული აქვთ ინსტრუქცია, ოპონენტების წინააღმდეგ უტიფარი ბოდვა იმეორონ”