CNN: რუსეთი ცდილობდა მოეკლა გერმანული საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც უკრაინას იარაღს აწვდის

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და გერმანიის სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს რუსეთის გეგმა, რომლის თანახმადაც, მოსკოვი თავდაცვის გერმანულ საწარმოს Rheinmetall-ის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობას გეგმავდა. აღნიშნული საწარმო უკრაინას იარაღს აწვდის.

CNN ამის შესახებ ხუთ დამოუკიდებელ წყაროსა და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება დასავლური თავდაცვის საწარმოების ხელმძღვანელების მკვლელობის გეგმაზე მუშაობდა, თუმცა პაპეგერის მკვლელობის მცდელობა ყველაზე მოწინავე ეტაპზე გამოააშკარავეს.

როგორც CNN წერს, მას შემდეგ რაც ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურმა ოპერაციის შესახებ გაიგო, ამის შესახებ მათ გერმანელ კოლეგებს აცნობეს. მათ კი Rheinmetall-ის ხელმძღვანელის დაცვა და მკვლელობის თავიდან აცილება შეძლეს.

სტატიაში არაა საუბარი, უშუალოდ რა მეთოდით იგეგმებოდა პაპერგერის მკვლელობა და ვინ შეიძლებოდა ამასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

Rheinmetall 155-მილიმეტრიანი ჭურვების უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას ძალიან სჭირდება. ამასთან, გერმანული საწარმო უახლოეს მომავალში უკრაინაში ჯავშანტექნიკის წარმოების ქარხნის გახსნას გეგმავს, რაც, CNN-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთს აშფოთებს.

CNN წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დასავლური სპეცსამსახურები იუწყებოდნენ მასშტაბური დივერსიული კამპანიის შესახებ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. სტატიის თანახმად, დაქირავებული რუსი აგენტები ცეცხლის გაჩენასა და დასავლურ ბაზებზე თავდასხმას აპირებდნენ; ისინი, ასევე, დასავლეთის ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაციასა და საზოგადოების განწყობაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარი თქვა CNN-ის მასალაზე კომენტარი გაკეთებინა, თუმცა დასძინა, რომ მთავრობა ზოგადად რუსეთის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეებს ძალიან სერიოზულად ეკიდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ და რუმინეთმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს
შემდეგი სტატია“ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით, წერტილი” – ბაიდენი ზელენსკის