ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ მსხვერპლი და მასობრივი ნგრევა გამოიწვია — ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ნეპალის პოლიციის ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, თუმცა უწყებაში ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება. წყალდიდობამ სრულად გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები და ენერგოინფრასტრუქტურა.
ნეპალის ტურიზმის საბჭოს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ასობით ადამიანია დაკარგული. „წინასწარი მონაცემებით, დაზარალებულ რაიონებში 384 ტურისტი ითვლება დაკარგულად, მათ შორის 291 უცხოელი და 93 ადგილობრივი მოქალაქეა“, — ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის, შიშირ ხანალის განმარტებით, ტრაგედია მიწისძვრასა და მას მოჰყოლებულ მეწყერს უკავშირდება. მისი თქმით, დილის 08:37 საათზე მომხდარმა ბიძგებმა მასშტაბური მეწყერი გამოიწვია, რომელმაც მდინარე ჩახერგა და მძლავრი წყალდიდობა განაპირობა.
სტიქიამ ასევე დააზარალა ტიბეტის ტერიტორია. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს მასშტაბური სამძებრო-საშველი ოპერაციის დაუყოვნებლივ დაწყების ბრძანება გასცა.













