CNN: ის, რაც ხდება, გაცილებით მეტს ჰგავს, ვიდრე უბრალოდ ბიზნესს

ტრამპს გარანტირებულად რესპუბლიკელები წარადგენენ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი უთანხმოების გამო, ამერიკელი ლიდერი შესაძლოა, რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს დაგეგმილზე ადრე შეხვდეს. აშშ-ის ადმინისტრაცია ამ სცენარს „დახურულ კარს მიღმა“ განიხილავს, წერს CNN.

აღნიშნულია, რომ მოსკოვში, იმავდროულად, იზრდება ოპტიმიზმი იმის თაობაზე, რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებმა შესაძლოა, მეორე პლანზე გადაიწიოს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პოტენციურად მომგებიანი ეკონომიკური შეთანხმებების სასარგებლოდ.

გამოცემა იუწყება, რომ ამჟამად ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის მზადება მიმდინარეობს, რომელიც „შეიძლება უახლოეს მომავალში შედგეს, შესაძლოა, სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანაში“.

მოლაპარაკებებში კრემლის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა CNN-ს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს „ენერგეტიკულ“ გარიგებებს, თუმცა სპეციფიკა ჯერ არ არის გამჟღავნებული.

გამოცემა იხსენებს, რომ ასევე იყო ინფორმაცია ამერიკელი ინვესტორების მოზიდვის მცდელობის შესახებ რუსული გაზსადენის „Nord Stream 2-ის“ აღდგენის მიზნით, რომელიც გერმანიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისში შეაჩერა.

CNN-ის ცნობით, აშშ-ის შესაძლებლობა, რუსეთთან ბიზნესიდან უზარმაზარი მოგება მიიღოს, მართლაც აშკარაა, ვინაიდან რუსეთი მინერალური მარაგებით მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა. ეს იზიდავს პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც ცნობილია „კარგი გარიგებებისკენ დაუნდობელი სწრაფვით“.

თუმცა, სტატიაში ნათქვამია, რომ ის, რაც ხდება, გაცილებით მეტს ჰგავს, ვიდრე უბრალოდ ბიზნესს – „ეს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ფუნდამენტური გადატვირთვაა“: „კრემლთან დაახლოება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ურთიერთობებს მის ტრადიციულ მოკავშირეებთან, რის გამოც, ევროპა ვაშინგტონის მსოფლიო პოლიტიკის რადიკალური შემობრუნების შედეგების წინაშე მარტო რჩება“.

გამოცემა ცდილობს, იპოვოს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ირჩევს აშშ-ის პრეზიდენტი კრემლს ამერიკის ტრადიციული პარტნიორების ნაცვლად. ამავე დროს, ის უარყოფს ვარაუდს, რომ ტრამპი კრემლის აგენტია, ან მას პუტინის წინაშე პირადი ვალდებულებები აქვს.

„ალბათ, საქმე ეხება აშშ-ის მემარჯვენე იდეოლოგიურ ფანტაზიას, რომ რუსეთი შეერთებული შტატების ბუნებრივი მოკავშირეა ჩინეთთან მომავალ დაპირისპირებაში და რომ ის შეიძლება ჩამოშორდეს თავის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს“, – ნათქვამია სტატიაში.

ამავდროულად, გამოცემა ამ ვარაუდს „საეჭვოს“ უწოდებს.

ხაზგასმულია, რომ უდავოა, ჩვეულებრივ დაძაბული, თუ არა ღიად მტრული ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის „როგორც ჩანს, ახალ, რადიკალურ ფაზაში შედის“.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა იბრძვის მშვიდობისთვის, რომელიც იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი, ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ რუსეთს არ სურს
შემდეგი სტატიაკირ სტარმერი – აშშ-ის მხრიდან მინერალების შესახებ შეთანხმება საკმარისი არ არის, მინდა, შევახსენო მათ, რომ აგრესორი არის რუსეთი, ზელენსკი კი – ომის ლიდერი, რომლის ქვეყანაშიც შეიჭრნენ