ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ დაწყებული დაბომბვის კამპანიის პირველ დღეს ფეხი მოიტეხა და სხვა მსუბუქი დაზიანებები მიიღო,_ ინფორმაციას CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ფეხის დაზიანებასთან ერთად ხამენეის მარცხენა თვალის ირგვლივ სისხლჩაქცევა და სახეზე მცირე ჭრილობებიც აქვს. მანამდე ერთმა წყარომ ისრაელიდან CNN-ს უთხრა, რომ ხამენეი გასულ კვირას დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღეა სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ვაჟმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გაიგო ინფორმაცია ხამენეის დაშავების შესახებ, თუმცა სახელმწიფო სააგენტო ISNA-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი „უსაფრთხოდაა და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“.
ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა და არც განცხადება გაუკეთებია მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ გამოცხადდა. ამ პერიოდში ირანის სახელმწიფო მედია და პროპაგანდისტული არხები ფართოდ იყენებენ არქივის კადრებსა და ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებებს, სადაც მოჯთაბა ხამენეია ნაჩვენები.
შეგახსენებთ, დღეს reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მსუბუქად დაიჭრა.
















