ცხრა ძმის ქუჩაზე ყოფილი N3-ე საჯარო სკოლა ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ცხრა ძმის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და ყოფილი N3 საჯარო სკოლის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც “თაიმერს” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, აღნიშნული სკოლა ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ 2007 წელს ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით N3 საჯარო სკოლა გარემონტდა, თუმცა 2010 წელს სკოლების ოპტიმიზაციის არასწორი პოლიტიკის შედეგად, აღნიშნული სკოლა დაიხურა და #2 საჯარო სკოლას შეუერთდა. ამის გამო 300-მდე მოსწავლე დარჩა სასწავლო დაწესებულების გარეშე, ხოლო 45 მასწავლებელი (და ჯამში 80 თანამშრომელი) _ სამსახურის. ამის შემდეგ გაიძარცვა საკლასო ოთახები და ფუნქციის გარეშე დარჩენილი შენობა დაზიანდა. სკოლის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს და მასწავლებლებს კი მოუწიათ სხვა სკოლებში გადანაწილება, რომლებიც მათი საცხოვრებელი სახლებიდან საკმაოდ შორს იყო. ბევრ მათგანს სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტიც ესაჭიროებოდა.

რიმა ბერაძის თქმით, ჩუღურეთის რაიონის 600-მდე მცხოვრებმა სკოლის აღდგენის მოთხოვნით ერთობლივი განცხადებით მიმართეს და დაიწყო კოორდინირებული მუშაობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რის შედეგადაც მიღებული იქნა N3 საჯარო სკოლის აღდგენის გადაწყვეტილება. ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, განახლებული სკოლა 300-ის ნაცვლად 500-მდე მოსწავლეს მიიღებს და მასში 50-დან 60-მდე მასწავლებელი იმუშავებს, ტექნიკური პერსონალის ჩათვლით კი სულ სკოლაში 80-90 ადამიანი დასაქმდება. განახლებული სკოლა კვლავ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის იქნება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ N3 საჯარო სკოლა არ არის ერთადერთი საგანმანათლებლო – აღმზრდელობითი დაწესებულება, რომლის საკითხიც დედაქალაქის ახალმა ხელისუფლებამ გადაჭრა. მხოლოდ ჩუღურეთის რაიონში მოხდა ორი დახურული საბავშვო ბაღის აღდგენა, სამომავლოდ კი ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.

დეპუტატის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძე და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი თემურ მაჩაიძე ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში,, ვიმედოვნებთ ევროკავშირში ვიზების გაუქმების შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება მალე იქნება”
შემდეგი სტატია“გრეის 50 ელფერს” ოქროს ჟოლოზე რამდენიმე ქანდაკება გადაეცა