ცხინვალში ახალგორელი აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი დააკავეს

ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი დააკავეს. განცხადება დეფაქტო რეჟიმის პროკურტურამ გვიან ღამით გაავრცელა. ახალგორელ აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში ეზღუდებოდა ფუნდამენტური უფლებები – არ აძლევდნენ პასპორტს, არ გასცემდნენ საშვს მის შვილზე და არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. აქტივისტი ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას პირად შეხვედრას სთხოვდა და აფრთხილებდა, რომ უარის შემთხვევაში მოედანზე ერთკაციან საპროტესტო აქციას მოაწყობდა.

ამავე ვიდეოში მეარაყიშვილი პირდაპირ საუბრობდა დე ფაქტო რეჟიმის შიგნით არსებულ სისტემურ პრობლემებზე, უთანასწორო მოპყრობაზე და შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, რითაც, მისი თქმით, „ხელისუფლების განუკითხაობას ამხელდა“.

დღეს ეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მე მინდა თქვენთან პირადად შეხვედრა. თუ თქვენ არ მიმიღებთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა დამრჩება: მე თვითონ მოვალ თქვენთან და მოედანზე ჩავატარებ ერთი კაცის საპროტესტო აქციას.

ალა ედუარდოვიჩ, შეუძლებელია ერთ ადამიანს ამდენი პრობლემა ჰქონდეს და ეს პრობლემები წლების განმავლობაში გრძელდებოდეს. ეს საკითხები სახელმწიფოს უნდა გადაეჭრა.

მე თავად ვერ ვბეჭდავ პასპორტს, ვერ ვუკეთებ ჩემს ქალიშვილს გასვლის ნებართვას, ვერ ვიყენებ თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ისინი მიზღუდავენ. რატომ ხდება ეს? მე მინდა თქვენთან ამ საკითხებზე საუბარი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – სამუშაოს არ მაძლევენ. შეიძლება ითქვას, ეს გასაგებია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე მუშაობა არ შემიძლია – მე ყოველთვის საუკეთესო ვიყავი. იმ პერიოდში აქ რვა ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მე ვხელმძღვანელობდი რაიონში ერთადერთ ორგანიზაციას და ამას წარმატებით ვაკეთებდი. ახლა მე თვითდასაქმებული გავხდი და ამაშიც პრობლემებია.

მე მიმაჩნია, რომ ეს პრობლემები პირდაპირ თქვენგან მოდის. სიტყვიერად იძლევა მითითება, რომ პრობლემები შეიქმნას და ტვირთს არ მისცენ გასვლის უფლება.

ალან ედუარდოვიჩ, თუ ეს ასე არ არის – მიმიღეთ, მომისმინეთ, ერთად წავიკითხოთ საბაჟო კოდექსი. იქ არ წერია არცერთი შეზღუდვა. ჩვენ არ დაგვირღვევია წესები, მაგრამ ფაქტები სხვაგვარად განვითარდა.

გუშინ, სანამ დედაჩემი თბილისშ შევიდოდა, მან სასაზღვრო ოფიცერს ჰკითხა, რამდენი კილოგრამის გადატანა შეიძლებოდა. ოფიცერმა პირდაპირ უპასუხა: „ვაჭრობა აკრძალულია“.

მაგრამ გუშინდელი დღიდან მესმის, რომ ზოგიერთები მაინც თავისუფლად შეაქვთ საქონელი. მათ შორის არიან სახელმწიფო მოხელეებიც – ადამიანები, რომლებსაც მკაცრად ეკრძალებათ რაიონის დატოვება და თბილისში წასვლა. მათ აქვთ საშვები, გადაადგილდებიან და საქონელი გააქვთ გასაყიდად. რატომ ხდება ასე, ალან ედუარდოვიჩ?

ნახეთ, ერთ წინადადებაში რამდენი პრობლემა დავასახელე. მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე, არც უმუშევარი ვარ. მე არ მაქვს პასპორტი, არ მაქვს საშვი. სახელმწიფო მოხელეებს კი აქვთ საშვები და თავისუფლად გადაადგილდებიან თბილისში.

გუშინ დედაჩემს უთხრეს, რომ გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფო მოხელეებს საქონელი შემოაქვთ. რატომ ხდება ასე, ალა ედუარდოვიჩ?

თქვენ მე მსჯით იმის გამო, რომ ამ პრობლემებზე ვლაპარაკობ. მაგრამ არ უნდა დამსაჯოთ. ჩემი დასჯა პრობლემებს ვერ გადაჭრის. თუ მე არ ვიტყვი, სხვები იტყვიან.

რატომ ჩავიდა რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრი ლენინგორში?
ის ბავშვთა სახლში მივიდა, სადაც გათბობა არ იყო. იმ დროს ელექტროენერგიაც არ იყო. როდესაც ჰკითხეს, რატომ არ იყო გათბობა, უპასუხეს, რომ რაიონში დენი არ არის. მაგრამ რატომ არ დაინტერესდა მინისტრი, რატომ არ ჩაირთო გენერატორი და რატომ იყვნენ ბავშვები სიცივეში?

გარდა ამისა, ორი ბავშვი გაციების გამო გადაიყვანეს ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფოში. თამარამ ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ თავიდან არ თქვა. თუმცა ბევრმა ტელეგრამ-არხმა ეს ინფორმაცია გაავრცელა. ადგილზე მინისტრს სხვა საკითხებზეც ესაუბრეს. საერთო ჯამში გაირკვა, რომ იქ სრული ქაოსია.

თამარა გაფრთხილებთ – სწორედ ამიტომ აღარ აძლევენ მუშაობის უფლებას.
ალან ედუარდოვიჩი ამბობს, რომ თუ თამარას სამსახურში მიიღებენ, ის ყველაფერზე ილაპარაკებს და ხელს შეუშლის მათ განუკითხაობას.

ახლა ფული: განათლების დეპარტამენტიდან მოპარული 11 მილიონი. ეს ბიუჯეტის მინიმუმ 15%-ია და ეს მხოლოდ ისაა, რაც შემოწმებამ აჩვენა. რეალურად შეიძლება 30%-საც კი იპარავდნენ.

მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენ პირადად გაცემული გაქვთ მითითებები. ყოფილი თანამშრომელი, განათლების დეპარტამენტის მძღოლი, გამოიძახეს და ჰკითხეს, სად დახარჯა მის სახელზე ჩარიცხული თანხები. მან ტირილი დაიწყო და თქვა, რომ 200 ათასიდან მხოლოდ 30 ათასი მისცეს მანქანის შეკეთებაზე.

თქვენ ვერ გააკეთებთ ისე, თითქოს არაფერი იცით. თქვენ ვალდებული ხართ, ასეთი ადამიანები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ.

რატომ ატარებთ ამ სპექტაკლებს, ალან ედუარდოვიჩ?
ხალხი გისმენთ. გუშინდელი დღიდან ცხინვალიდან 60-მდე მეგობრობის მოთხოვნა მივიღე. არცერთი შეურაცხყოფა არ მიმიღია. ხალხი მეთანხმება.

ბევრი ადამიანი საჯაროდ ვერ წერს წერილებს და პირადად მწერს: „მოიითმინე კიდევ ერთი წელი, თამარა“. რატომ მიიყვანეთ ხალხი ასეთ მდგომარეობამდე?

თქვენ ერთ ადამიანს დაეხმარეთ, რომელიც იძლებული იყო რუსეთსა და საქართველოს შორის მანქანაში ეცოვრა – მიეცით მოქალაქეობა, პასპორტი, სამსახურისა და საცხოვრებლის დაპირება.
მაგრამ აქ ცხოვრობს ქალი – თამარა მიარაყიშვილი, რომელიც დაბადებიდან აქ არის. მას არ აძლევთ პასპორტს, სამუშაოს, ცხოვრების უფლებას საკუთარ სახლში.

მე ცხრა წელია ვიბრძვი. ცხრა წელი ვამტკიცებ, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე ფაბრიკაცია იყო. დავკარგე ჯანმრთელობა, დრო, ქალიშვილთან ყოფნის შესაძლებლობა. სასამართლომ გამამართლა. მაგრამ ახლა ყველაფერი თითქოს ფუჭია.

მე იდეები მაქვს – რეალური, განხორციელებადი. ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, ვქსოვ, ვამზადებ ჩურჩხელას, ლენინგრადულ ტორტებს. ხალხს ეს სჭირდება, მოთხოვნა დიდია. მე არ ვითხოვ ფულს – მხოლოდ უფლებას ვიცხოვრო და ვიმუშაო.

ალან ედუარდოვიჩ, სჯობს ჩემთან მეგობრობა, ვიდრე ომი.
როგორ შეიძლება დეკემბერში მთავარ მოედანზე შიმშილობა დაუშვათ?

თუ არ მიმიღებთ, მე მშვიდობიანად გამოვალ მოედანზე. პლაკატზე ეწერება:
„ალან ედუარდოვიჩ, მე თქვენთან მიღებაზე ვარ“.

მე წერილებს გავაგზავნი სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში პასპორტის საკითხზე და საბაჟო სამსახურში ოფიციალური განმარტების მისაღებად.

მე აღარ მეშინია. იმდენი მაქვს გადატანილი, რომ უკვე აღარაფრის მეშინია – არც იმის, თუ მომკლავენ.

ახლახან მეგობრებთან ვსაუბრობდი ევერესტზე – მწვერვალზე ერთ დღეში ვერ ავა ადამიანი. საჭიროა დრო, მომზადება, ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა. როცა ევერესტს დაიპყრობ, პატარა მწვერვალები აღარ გაშინებს.

თუ რამე შემემთხვევა და მე მოედანზე არ გამოვალ, ყველას ეცოდინება, ვის უნდა მოსთხოვონ პასუხი.

ნახვამდის. ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მინდა, რომ ყველა ადამიანი თანაბრად ცხოვრობდეს და კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებდეს, არა შერჩევითად. სწორედ ამისთვის ვიბრძვი.

ნახვამდის. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას, – ამბობს მეარაყიშვილი ვიდეოში.

ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაკავებას ადასტურებს მდინარაძის უწყებაც, თუმცა დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიარუსები უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევენ