ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა

„გაკვეთის შედეგების თანახმად, სიკვდილის მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა,“ – ამის შესახებ ინფორმაციას, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის გუშინდელ საინფორმაციო გამოშვებაში, წამყვანმა აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა და გაკვეთის შემდეგ გაირკვა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.

„ამ კვირაში ლენინგორის რაიონში სამართალდამცავმა ორგანოებმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გენოციდში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს, მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა. რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ გაკვეთის შედეგების თანახმად სიკვდილის მიზეზი მწვავე გულის უკმარისობა გახდა,“ – განაცხადა წამყვანმა.

არჩილ ტატუნაშვილი რამდენიმე დღის წინ ახალგორში დააკავეს. ოკუპირებული რეჟიმის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი წაიქცა და გარდაიცვალა. თუმცა, მალევე გაჩნდა ახალი ვერსია, რომ თითქოს 35 წლის მამაკაცს გული გაუსკდა.

ამ დრომდე უცნობია, როდის გადმოასვენებენ არჩილ ტატუნაშვილს. მასთან ერთად დაკავებული ორი პირი კი ახალგორში რჩება.

banner
წინა სტატიაშიგვარის შეცვლის პროცედურა მკაცრდება- მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ვიღაცამ შემოაღწია ჩემს ტელეფონში… მაქვს მოტანილი მასალა, თუ რას ვუკავშირებ ამ ფაქტს”- ბურჭულაძის შვილის დაკითხვა