ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება არის პროვოკაციული – ციხელაშვილი

ეს არის დეზინფორმაცია, რადგან არანაირ მოქმედებებს ქართული მხრიდან ადგილი არა აქვს, განცხადება არის პროვოკაციული ხასიათის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამას მისცა შესაბამისი შეფასება, – ასეთი კომენტარი გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ჩორჩანის საკითხთა დაკავშირებით რამდენიმე ტექნიკური შეხვედრა უკვე გაიმართა და კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ქართული მხარე თავის პოზიციას დააფიქსირებს.

„ცხინვალის რეგიონში ძალიან მძიმე არის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. ამ დღეებში ვრცელდებოდა გარკვეული კადრები, ციხეში პატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებით, გუშინაც გავაკეთე ამასთან დაკავშირებით კომენტარი. ჩვენთვის ძალიან რთულია ამ ფაქტების დადასტურება იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად არა მხოლოდ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, არამედ საერთაშორისო მექანიზმებსაც არ აქვს წვდომა. ერთადერთი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია წარმოდგენილი ცხინვალის რეგიონში, მათ აქვთ თავიანთი მანდატისა და კონფიდენციალობის ფარგლებში გარკვეული წვდომა. ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტია, რითაც შეიძლება უშუალოდ იქ მყოფი პირების ახლობლების დახმარება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, თუმცა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე ვისაუბროთ ციხეში თუ მის გარეთ. სწორედ ამიტომ ჟენევის საერთშორისო დისკუსიების ფარგლებში თუ ნებისმიერ ფორმატში ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა ერთადერთი ის გახლავთ, რომ ადამიანის უფლებების მექანიზმები იყოს დაშვებული. გუშინ მიღებულ ორპარტიულ აქტში დიდი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და იმ რეაქციას, რომელიც აქვს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ უფლებები ძალიან უხეშად ირღვევა. დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც ცხინვალის რეგიონს უკავშირდება არის გადაადგილების სრული შეზღუდვა. მათთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებთან დაკავშირებული, როგორც ეს არის ელემენტარულ საბაზისო პროდუქტებთან წვდომა ან მედიკამენტებზე ან ოჯახებთან გაერთიანება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგორის მიმართულებით მოძრაობა გაიხსნას უპირობოდ რაიმე სხვა თემების კავშირის გარეშე, რადგან ამით პირდაპირ ზარალდებიან ქართველები და ოსები.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება პროვოკაციულია და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეობის 13 კანდიდატს მოვუსმინეთ ამ დრომდე და ისეთი სურათია, რომ მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა – ბესელია
შემდეგი სტატიაარსებობს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის, ჩვენება ნათია თურნავაზე