ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ე.წ. სასამართლომ სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებ რამაზ ბეღელურს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ekhokavkaza ავრცელებს ინფორმაციას დაკავებულის დედაზე დაყრდნობით.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები 40 წლის რამაზ ბეღელური რუსმა სამხედროებმა უკვე მეხუთედ დააკავეს უკანონოდ. 29 აპრილს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბეღელური გამყოფი ხაზის გადაღმა მდებარე სოფელ დისევთან დაიჭირეს.

უკანონო პატიმრობაში მყოფის დედის, ნორა ბეღელურის თქმით, მისი შვილი სოფლის სასაფლაოზე, ძმის საფლავის დასასუფთავებლად იყო მისული.

რამაზ ბეღელურის ახლობლებმა მეორე დღეს შეიტყვეს, რომ ის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო გადაყვანილი. დაკავებულის დედა აგრეთვე ამბობს, რომ მის შვილს ეპილეფსია აქვს და მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს.

რამაზ ბეღელური 2021 წლის თებერვალშიც დააკავეს, რის შემდეგაც, ორი თვე ცხინვალის ციხეში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი და მეორე დაკავების დროს, ავტომატის კონდახებით სცემეს, მეოთხე დაკავებისას კი რკინის გასაღებით თავის არეში მიაყენეს დაზიანება.

banner
წინა სტატიაში“ძალიან კარგი საუბარი შედგა” – ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს
შემდეგი სტატიახმალაძე: ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი