ჩვენ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევებრძოლოთ „ქართულ ოცნებასაც“ და მათ მიერ წარმოდგენილ ამ ვითომ მაჟორიტარებს – ე.წ. დელეგატებს, ნებისმიერ ადგილას – თბილისშიც და რეგიონებშიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მასშტაბით და თბილისში დელეგატების წარდგენას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი დელეგატები არის გამოგონილი იმისთვის, რომ მათ „დამატებითი ბერკეტი გაიჩინონ ადგილებზე ხმების მოპოვების, ფულის დახარჯვის, ხალხის მოსყიდვის, დაშინების“.
„ეს დელეგატები არის გამოგონილი, კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედება. უბრალო უმრავლესობით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღეს, ასეთი მახინჯი ფორმა გააკეთეს, რომ კვაზი მაჟორიტარული არჩევნები იქნებ მაინც იყოს, რომ დამატებითი ბერკეტი გაიჩინონ ადგილებზე ხმების მოპოვების, ფულის დახარჯვის, ხალხის მოსყიდვის, დაშინების და ა.შ.“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, წარადგენს თუ არა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ოპოზიციაც დელეგატებს, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.
„კონკრეტული ადამიანები ე.წ. დელეგატებად გაამწესეს რეგიონებში იმისათვის, რომ არა მხოლოდ პარტიის ძალისხმევა იყოს არჩევნებში, არამედ ამ ადამიანებსაც ფული დაახარჯვინონ, ასევე ამ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა მოიპოვონ. ამ მიზნებისთვის კანონმდებლობა შეცვალეს, საკუთარ თავს მოარგეს იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ასეთი გაქსუებული ფულის ტომრები, მათ აქვთ ეს რესურსი, რომ ადამიანებს აიძულონ, დააძალონ და რეგიონებში ფულის სახარჯველად გაუშვან. ამ კანონის მიხედვით ოპოზიცია იმოქმედებს, თუ არ იმოქმედებს, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია. იმიტომ, რომ ჩვენ „ქართული ოცნების” დღის წესრიგით, არც არასდროს ვცხოვრობდით და არც მომავალში ვაპირებთ. სწორედ ამიტომ ასეთი დელეგატები „ქართულმა ოცნებამ” რომ გამოიგონა და გაამწესა რეგიონებში, თბილისში, ამიტომ გვჭირდება მაქსიმალური მობილიზაცია, დიდი ერთიანობა, ერთიანი ძალისხმევით დაპირისპირება, ამ დელეგატების მიერ ორგანიზებულ გაყალბებასთან, მათ მიერ დახარჯულ ფულთან, ხალხის მოსყიდვის მცდელობასთან. ამას ყველაფერს თუ არ დავუპირისპირეთ ერთიანობა, ძალიან რთული იქნება გამარჯვება“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.