ციხისძირში ახალი ბაღი გაშენდა

ციხისძირში უნიკალური ჯიშის ხეების ბაღის გაშენება საკურორტო სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

ასოციაცია “ატუ”-ს დაკვეთით, საქართველოში შემოტანილია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, რომელთა უდიდესი ნაწილი უკვე დარგულია ქობულეთის რაიონის სოფელი ციხისძირის ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

დღეისთვის უკვე დარგულ ხეებს შორის არის 16 ლილიოდენდრონი (ტიტას ხე), 9 სექვოია, 10 მეტასექვოია, 9 მარადმწვანე მუხა, 8 ოქროსფერი კვიპაროსი, 4 ჰიმალაიური კედარი და ა.შ.

ხეების გარდა, ასოციაცია “ატუ”-ს ინიციატივით, სოფელ ციხისძირში მიმდინარეობს წყალგაყვანილობის, გზის დაგებისა და გარე განათების სამუშაოები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, “ატუს” საჩუქარი გადავა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში.

სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა. 2016 წლის საკურორტო სეზონზე ციხისძირს უკვე ექნება 4000 კვ.მ ფართობზე გაშენებული კეთილმოწყობილი ბაღი ზღვის პირას, გამართული წყალგაყვანილობა და გზა.

“როცა ამ ტერიტორიიდან ხის გადარგვა ხდებოდა, არაერთხელ განვაცხადე, რომ ამ ოპერაციის შემსრულებელი კომპანია, მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყობდა რეკრეაციულ ზონას ბათუმელებისა და ტურისტებისათვის. ასევე აქ მაცხოვრებლებისთვის იქნებოდა გაყვანილი გზა, წყალი და განათება. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვესწრებით. წყლის გაყვანის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. განათება უკვე მოწყობილია, სულ მალე ასფალტიც დაიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. ჩვენ ერთი ხის ნაცვლად, რომელშიც თანხა გადავახდევინეთ კომპანიას და საზოგადოებრივი დანიშნულების დენდროლოგიურ პარკში გადაირდო, მივიღეთ ახალი ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ჩვენს რეგიონში“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ასოციაცია “ატუ”-ს ინიციატივას ტექნიკურად უზრუნველყოფს საინჟინრო-სამშენებლო კომპანია “ზიმო”, რომელმაც პროექტის განხორციელებისას დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” კორცხელის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირს ასაჯაროვებს