ციხელაშვილი: ახლა რუსეთის ჯერია შეასრულოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდიდან რუსეთის გასვლას გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების შესრულებით. ამის შესახებ ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ რაუნდზე ქართულმა მხარემ ყველა აქტუალური საკითხი წამოჭრა და განსაკუთრებული ყურადღება გალის რაიონის მოსახლეობისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ შეზღუდვებს დაუთმო.

“ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განსახილველი უმნიშვნელოვანესი საკითხია დევნილთა დაბრუნების თემა, რომელზეც არსებითი დისკუსიების გამართვა, სამწუხაროდ, უკავშირდება ძალიან პოლიტიზებულ მცდელობებს, რომ არ შედგეს ასეთი დისკუსია. თუმცა მინდა გამოვთქვა იმედი და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩართულ მონაწილეს, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს. ჩემი სამინისტრო ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფში, რომლის ფარგლებშიც განიხილება დევნილთა დაბრუნების საკითხი, ასევე, ის ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც უკავშირდება გადაადგილების თავისუფლებას, სამეურნეო მიწებზე წვდომას, მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლებას. ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ ჟენევის დისკუსიების რაუნდზე, არამედ ჩვენ თვითონ ვსაუბრობთ მოგვარების გზებზე და მინდა სრულიად დარწმუნებით გითხრათ, რომ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, რაც აქვს ქართულ მხარეს, ბევრ საკითხზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, მით უმეტეს, ამას ძალიან ცდილობენ ჩვენი პარტნიორები – თანათავმჯდომარეები და აშშ-ის დელეგაცია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის დელეგაციის დემარშს, ციხელაშვილის თქმით, ეს არ არის ახალი თემა.

“თუ ვინმე არის დაინტერესებული, ეს ქართული მხარეა, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება იყოს შესრულებული. საქართველოს ეს ვალდებულება აქვს აღებული ცალხმრივად, ახლა რუსეთის ჯერია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება, რომელიც უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა