„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, რომ კლინიკაში მყოფი 12 ბავშვიდან 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაწერის საშუალებას იძლევა, შესაბამისად, ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას 6 ბავშვი განაგრძობს.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია. შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.
„კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.








