„ციანიდის საქმის“ პროკურორები გამოკითხეს

ე.წ. ციანიდის საქმის სამივე პროკურორი – ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი პროკურატურამ გამოკითხა. პირველი არხის ინფორმაციით, პროკურატურამ ისინი რამდენიმე კვირის წინ დახურული სასამართლო პროცესებიდან მედიასივრცეში მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხა.

პროკურორების გამოკითხვის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა პირველი არხის ინფორმაციით, პროკურორებმა ყველა კითხვას უპასუხეს.

საქმის გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე დეკანოზ გიორგი მამალაძის 6 ადვოკატი გიორგი ფანცულაია, მია ზოიძე, მიხეილ რამიშვილი, პაატა მეხრიშვილი, სულხან კომახიძე და ეკა ლომიძე დაიბარეს გამოკითხვაზე. ყველა მათგანმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რის შემდეგაც ისინი მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატებმა არც სასამართლოში გასცეს პასუხები პროკურატურისათვის საინტერესო კითხვებს.

თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ სასმართლოს თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ე.წ. ციანიდის საქმეში.

„ციანიდის საქმის“ გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“NDI-ის რეკომენდაციები მოიცავს სხვადასხვა სფეროს მათ შორის საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას”- ლორა თორტონი
შემდეგი სტატიალელა ქებურია ერგეტის ინციდენტში მონაწილე პირებს ასახელებს და მოძალედეების დასჯას ითხოვს