ციანიდი მამა გიორგის თავის ჩანთაში, თავის ხელით არ ჩაუდია – ადვოკატი

ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძე პროკურატურისგან ოჯახის წევრთა დაცვას ითხოვს. მისი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგიმ აღნიშნული მოთხოვნა გუშინდელ დაკითხვაზე დააყენა. რამიშვილის განცხადებით, ამ მოთხოვნით დაცვის მხარე დღეს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს.

„ძალიან ბევრი ისეთი კითხვები დაისვა, რაზეც მამა გიორგიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხი გაეცემა იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქნებიან დაცვით უზრუნველყოფილი. ამის თაობაზე დღეს ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, დავუსაბუთებთ თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს და რატომ ითხოვს მამა გიორგი თავისი ოჯახის წევრების დაცვის უზრუნველყოფას. შესაბამისად ეს მათ პრეროგატივაა უნდა იმსჯელონ,”-განაცხადა რამიშვილმა.

რაც შეეხება ციანიდს, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ჩანთიდან იქნა ამოღებული, ადვოკატი ამბობს, რომ ჩანთაში მომწამვლელი ნივთიერება დეკანოზს თავად არ ჩაუდია.

“აღნიშნული ციანიდი, მომწამვლელი ნივთიერება, მამა გიორგის თავის ჩანთაში, თავის ხელით არ ჩაუდია. შესაბამისად ამაზე ვიმსჯელებთ შემდეგში და ჩვენ ჩვენს პოზიციას დავუმტკიცებთ, პროკურატურამ კი თავისი პოზიცია დაგვიმტკიცოს,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ გიორგი მამალაძე პასუხობს ორ ძირითად კითხვას ციანიდსა და უნომრო იარაღზე, თუმცა დეტალებზე საუბარი ადვოკატებს არ შეუძლიათ.

დაკავებული დეკანოზის დაკითხვა დღეს 13 საათზე განახლდება.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის უფლება ჩამოერთვას
შემდეგი სტატიაკონსტიტუციის ახალ რედაქციაში ყველა შემოთავაზება რომ აგვესახა 200-გვერდიან დოკუმენტზე გავიდოდით