უკრაინის ჯარები კურსკის რეგიონში თავდაცვით სტრუქტურებს აშენებენ. კიევი არ გეგმავს ამ ტერიტორიის ანექსიას (ამაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც საუბრობდა), მაგრამ რუსეთისთვის მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება – აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] დირექტორის მოადგილე დევიდ კოენი.
კოენმა მერილენდის შტატში, ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამიტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა რუსეთის კურსკის რეგიონში, უკრაინის ოპერაციაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის არმია აპირებს დაიკავოს რუსული ტერიტორია „გარკვეული პერიოდის განმავლობაში”. მისივე თქმით, ამ ოპერაციის მნიშვნელობა მხოლოდ მომავალში გახდება ნათელი.
მისივე განცხადებით, პუტინს მოუწევს „გაუმკლავდეს ამ მოვლენების რეზონანსს საკუთარ საზოგადოებაში“.
ბოლო მონაცემებით, რომელიც გუშინ, 27 აგვისტოს გასაჯაროვდა, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ კურსკის ოლქის 100-ზე მეტ დასახლებას- 1294 კვადრატულ კილომეტრს და ტყვედ ჰყავთ აყვანილი 594 რუსი სამხედრო.