ჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში

კონფერენციაზე გუშინ გამართული დისკუსია არ ნიშნავს ნატო-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატო-ს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„გუშინდელი შემთხვევა იყო დისკუსია, სადაც კონფერენციაში მონაწილე არა ოფიციალური წარმომადგენლები, არამედ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამ პროცესის სერიოზული ცოდნა და გამოცდილება, ​განიხილავდნენ სხვადახვა შესაძლებლობას გულშემატკივრების პოზიციიდან, თუ საქართველო როგორ შეიძლება უფრო მიუახლოვდეს ნატო-ს წევრობას და როგორ გახდეს რეალისტური იმ პირობებში, რომ გვაქვს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული და ვართ მუდმივად ამ ოკუპაციისა და წნეხის ქვეშ. ამ კუთხით იყო დისკუსია და არ ვფიქრობ, რომ ეს იმსახურებდა ასეთ ვნებათაღელვას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი დისკუსია არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს ნატო-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატო-ს მიმართ.

„საქართველოს პოლიტიკა და ამოცანა არის, გახდეს ნატო-ს წევრი საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებში და ფარგლებში მთლიანად, სრულად, ნუ მთლიანად ჩვენი ტერიტორიით და ნატო-ს სურვილიც არის ეს, მას შემდგომ, რაც გარკვეული წინაღობები დაიძლევა. ეს წინაღობები როგორ დაიძლევა და რანაირად, ეს უკვე არის გლობალური პოლიტიკის, საქართველოს მუშაობის, ნატო-ს მუშაობისა და ასე შემდეგ საკითხი“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადება არ არის ნატო-ს ოფიციალური შემოთავაზება.

„ეს არ ყოფილა ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენელი. მან აზრი შესთავაზა საქართველოს სამსჯელოდ, მეტი არაფერი. დამშვიდდით, დაწყნარდით, საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ნატო-სთან თავსებადობა გვქონდეს მაღალი, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე წინ არის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში წასული და ამას აღიარებს ყველა, ნატო-ც და საერთაშორისო პარტნიორებიც. ჩვენთვის მისაღები არის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში, ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ თემაზე არის სრულიად ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი აშშ-ის გენერალურ პროკურორს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება დღესაც საუბრობს რუსეთთან დიალოგზე და არანაირ სიგნალს არ აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება მძიმეა