ჩვენთან არიან „იარლიყმიკერებული“ ექსპერტები, რომლებსაც არა მარტო ანალიზი, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ -კობახიძე

საქართველოში არიან ექსპერტები, რომლებიც, სამწუხაროდ, არ ჩანან და არიან ნამდვილი ექსპერტები და არიან იარლიყმიკერებული ექსპერტები, რომელთაც არამხოლოდ ანალიზი არ შეუძლიათ, წაკითხვაც კი არ შეუძლიათ კონკრეტული ტექსტების – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ერთ-ერთი თემა აჭარის კონსტიტუციასა და იმ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, აჭარის მთავრობაში მინისტრთა რაოდენობა გაიზარდოს.

„სად წაიკითხეს მათ, რომ იზრდება სამინისტროების რაოდენობა. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცები ვერ აანალიზებენ რაღაცებს – ვერ კითხულობენ. ეს არის პრობლემა ჩვენთან ე.წ. ექსპერტულ წრეებში. ეს არის პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ე.წ. ექსპერტულ საზოგადოებას“ – აცხადებს კობახიძე.

მეორე საკითხი, რის გამოც ირაკლი კობახიძე ექსპერტებს აკრიტიკებს, უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებია.

ექსპერტთა მოსაზრება რომ უშიშროების საბჭოს გაუქმება შეცდომაა და ჰიბრიდული ომის შემთხვევაში ქვეყანა დაუცველი რჩება, კობახიძე პასუხობს:

„ერთმა ექსპერტმა დაამტკიცოს, რომ დღეს რამეს აკეთებს ეროვნული უშიშროების საბჭო ჰიბრიდული ომის კუთხით. ეს კითხვა დავსვით ჩვენ შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე. ვერც ერთი ე.წ. ექსპერტი ამას ვერ ამტკიცებს იმიტომ, რომ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო არაფერს არ აკეთებს ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით.

ეს არის დღევანდელი რეალობა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოების სისტემაზე. ეს არის ის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად არის მოკლებული ფუნქციებს, ეს არის კონსტიტუციის სიმახინჯე და ესეც არის ერთ-ერთი სიმახინჯე კონსტიტუციის, რომელიც სწორდება.

ესენი არიან ე.წ. თავდაცვის თემი, რაღაც ტერმინებს იგონებენ. ადამიანები კითხვებს ვერ სვამდნენ კომიტეტის სხდომაზე და ეწოდებათ მათ, სამწუხაროდ, თავდაცის ექსპერტები. ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციის მოწესრიგება. ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი პროგრამული პასუხისმგებლობა, ეს დაპირება ჩვენ მივეცით ამომრჩეველს 2016 წლის არჩევნების წინ რომ დაიხვეწებოდა, ქვეყნის ძირითადი კანონი და ეს დაპირება დღეს სრულდება როგორი ხელშემშლელი ფაქტორებიც არ უნდა იყოს, ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის ამაში, ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაში“აბაშიშვილისა და მარგველაშვილის დესტრუქციული განცხადებები არ გვაინტერესებს”- პარლამენტის თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაყაჩაღობა კერესელიძის ქუჩაზე