“ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ დიდი გამოცდა ელოდება”

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წუხელ საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება აღასრულა. როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ განვითარდა პროცესი, რაც თავისი არსით არის უმძიმესი და ურთულესი. მღელვარებამ მოიცვა მთელი საზოგადოება, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს უძველესი სამოციქულო საყდარი და აქ განვითარებული მოვლენები, რამაც არავინ დატოვა გულგრილი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში, როგორც 2018 წლის ერთ-ერთ შეხვედრაზე მისი უწმინდესობა ბრძანებდა, „მთის მწვერვალიდან დაგორდა ლოდი“ და საფრთხე დაემუქრა ყველას და ყველაფერს!

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი საერთო სახალხო სასამართლო პროცესში ჩართვა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ემოციური დუღილის პროცესი, და ნებისმიერი მხრიდან ყოველგვარი განცხადება, თუნდაც კეთილი განზრახვით ნაკარნახევი აზრი, ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამამძიმებელი შეიძლება აღმოჩნდეს“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თქმით, „ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ დიდი გამოცდა ელოდება“.

„დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება საღი აზრი, რაც შექმნილ ვითარებას გარკვეულწილად დაამშვიდებს და თანდათანობით დააბრუნებს განვითარების პერსპექტივაზე ორიენტირებულ კალაპოტში, იმ მძლავრ საყრდენზე, რაც საუკუნეთა განმავლობაში ქარიშხალთა პირობებში ეკლესიის მდგრადობას განაპირობებდა. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ წინ გველოდება არანაკლებ რთული გზა. ჩვენს სახარებისეულ რწმენას წინ ელოდება დიდი გამოცდა. დიდი გამოცდა ელის ჩვენს სამოქალაქო ცნობიერებასაც. რასაკვირველია, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ერის არსებობის თანმდევი პროცესი.

საბჭოთა წარსული, რომელიც ტოტალიტარიზმისა და კოლექტივიზმის სახით ჯერ კიდევ ჩვენს ქვეცნობიერშია ჩამალული, კვლავინდებურად გვიტევს და ცდილობს წარსულში ჩვენს დაბრუნებას, როგორც ფარაონი, რომელიც ვერ ელევა ეგვიპტიდან აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ ისრაელს, და ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ცდილობს მის უკან დაბრუნებას. თუმცა, ჩვენ ვიცით, თუ რა ბედი ეწია მას (ფარაონს), როცა ორად გაპობილ მეწამულ ზღვაში ჰპოვა თავისი აღსასრული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიუხედავად ტკივილებისა, ვიმოძრაოთ წინ და არ შევუშინდეთ ქარიშხალს. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის შიში, სასოწარკვეთა და იმედგაცრუება! შიშმა არ უნდა მოიცვას ჩვენი გონება!

ნუთუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაცაა?!…და სადაც ქრისტიანულ ღირებულებთან ადამიანის ნების თანხვედრაა, იქ არის ქრისტე, ვითარცა მხსნელი. ცოდვის, უკეთურებისა და ბოროტების წინააღმდეგ დაპირისპირების უალტერნატივო საშუალებაა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული! შეშინებული და დამფრთხალი საზოგადოება, შეშინებული ქრისტიანი, ბევრად უფრო საშიში და სახიფათოა, ვიდრე ის, რისიც მას ეშინია“,- აცხადებს მეუფე.

როგორც მეუფე გრიგოლი აცხადებს, ეკლესიის ცხოვრებაში პრობლემები იყო მისი დაფუძნების პირველივე დღეებიდან, არის დღესაც და იქნება მომავალშიც.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობას იხსენებს
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, რამდენიმე წუთით მატარებლების მოძრაობა შეფერხდა