საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს და ემიგრანტებს მოუწოდებს დაესწრონ 25 ივლისს, სტრასბურგში დაგეგმილ ქართველი ემიგრანტების კონფერენციას:
“2025 წლის 25 ივლისს, ქალაქ სტრასბურგში ტარდება ქართველი ემიგრანტების კონფერენცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ჩვენს ემიგრანტებთან ერთად დაესწრებიან ევროპარლამენტარებიც.
კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა იქნება საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა და ქართველი ემიგრაციის როლი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში.
ჩვენი ემიგრაციის სათქმელი აუცილებლად მივა ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკურ პირებამდე და ასევე თითოეული ქართველამდე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსული ხელისუფლების მოშორება.
მოვუწოდებ ჩვენს ემიგრანტებს, მონაწილეობა მიიღონ ამ კონფერენციაში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან.
მიხეილ სააკაშვილის გვერდი ფეისბუქზე კი აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ხელნაწერს, სადაც ის კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს:
“ახლა საქართველო უდიდეს საფრთხეშია. მსოფლიოში მიდის მძლავრი შტორმი და ჩვენ, შეიძლება, ყველაფერი მოვიგოთ ან ყველაფერი წავაგოთ. ჯერჯერობით ყველაფერს ვაგებთ, რადგან ჩვენ ხომალდს მართავს მეკობრეების ჯგუფი, რომელმაც ნამდვილი ეკიპაჟი დაატყვევა, თვითონ კი ერთმანეთთან ჩხუბითა და გარყვნილებითაა დაკავებული, იყოფენ ნაძარცვს და მიშვებული აქვთ საჭე. ამიტომ ისინი გასაკოჭები არიან, ნამდვილი ეკიპაჟი კი გამოსაშვებია. თუ ამას დროზე არ გავაკეთებთ, ჩვენი ხომალდი დაიმსხვრევა და საქართველო გაქრება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.















