ჩვენმა მორალურმა პოზიციამ და საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, „ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია, მზად არის, დელეგაციაში იყოს თანამონაწილე და გაემგზავროს უკრაინაში – ვაშაძე

ჩვენმა მორალურმა პოზიციამ და საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, „ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია, მზად არის, დელეგაციაში იყოს თანამონაწილე და გაემგზავროს უკრაინაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტექნიკურ დეტალებს დღეს კიდევ ერთხელ გაივლიან.

„გულწრფელად მიხარია, რადგან საქართველოს პოზიცია უნდა ფიქსირდებოდეს და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ან პოლიტიკოსის. ტექნიკურ დეტალებს გავივლით და შევჯერდებით. სწორია, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავის პირველადი ხისტი პოზიციიდან უკან დაიხია და ნაბიჯი გადადგა იმ მიმართულებით, რომელიც ქვეყნისთვის ღირსების საკითხია, პანაშვიდზე ჩასვლის საკითხი. იმდენჯერ ჩავედი – ჩამოვედი ამ პერიოდში, მე პრობლემა არ მაქვს, კიდევ ერთხელ ჩავიდე მიწვევის გარეშეც, შევხედოთ, ბევრს უნდა წასვლა და ძალიან მიხარია”, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ კიდევ ერთ უკანდახევად შეაფასა ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, რომ დავით არახამიას თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ითხოვს.

„მეორე მნიშვნელოვანი უკან დახევა იყო დღეს კობახიძის მხრიდან, რომელმაც უარყო და თქვა, რომ არახამიას თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ითხოვს, არადა გუშინ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაესხა თავს უკრაინის მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელს, ჩვენს თანამემამულეს, უკრაინის მოქალაქე არახამიას. კარგია, რომ უკან დაიხია და ჩვენი საერთო, სწორი პოზიცია ყოველთვის უკან დაახევინებს “ქართულ ოცნებას”. რაც შეეხება ულტიმატუმებს, ომში მყოფ ქვეყანას ულტიმატუმების ენით მისი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა არ უნდა ესაუბრებოდეს. მე მათ ადგილზე ყველა საკითხს გავარკვევდი უშუალო კომუნიკაციაში, რომ არ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ “გარდიანიდან” დაწყებული, ყველა პოლიტიკოსით გაგრძელებული საქართველოს ხელისუფლებას არ ეძახდეს პრორუსულ ხელისუფლებას,”- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში მასიური წმენდა დაიწყო, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი კი დააკავა – Daily Mail
შემდეგი სტატიაპოლონეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს