“ჩვენმა კონსულებმა მოინახულეს საქართველოს მოქალაქეები პარიზში, სტრასბურგში, მონპელიეში და ბარსელონაში, სადაც მაღალია მათი კონცენტრაცია”

ჩვენმა კონსულებმა მოინახულეს საქართველოს მოქალაქეები პარიზში, სტრასბურგში, მონპელიეში და ბარსელონაში, სადაც მაღალია მათი კონცენტრაცია , ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა. მისი თქმით, საელჩოს წარმომადგენლები და კონსულებმა არსებულ ვითარებაზე პირველადი ინფორმაცია უკვე მიიღეს.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია პერიოდულად მოგვეწოდებოდა და ჩვენმა კონსულებმა პარიზში, სტრასბურგში, მონპელიეში და ბარსელონაში, სადაც მაღალია ჩვენი მოქალაქეების კონცენტრაცია, მოინახულეს ისინი. მოისმინეს ინფორმაცია იქ არსებულ მდგომარეობაზე, რა პირობებში იმყოფებიან ისინი და ასევე ინფორმაცია მიაწოდეს იმაზე, თუ რა ხდება ზოგადად თავშესაფრის მაძიებლის სტატუსთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა. ხშირია შემთხვევა, როდესაც სტერეოტიპული წარმოდგენებით ხელმძღვანელობენ ადამიანები თავშესაფრის მაძიებლობაზე მიმართვისას და ხშირ შემთხვევაში რეალობა და მათი აღქმა ერთმანეთს არ ემთხვევა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

კითხვაზე, რატომ შეუშვეს ეს ადამიანები ქვეყანაში იმ ფონზე, რომ მათ საზღვარი მცირეწლოვან შვილებთან და ოჯახებთან ერთად გადაკვეთეს, საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს ევროკავშირთან აქვს უვიზო მიმოსვლა, გადაწყვეტილება უშუალოდ საზღვარზე მიიღება და როგორც ჩანს კონკრეტულ შემთხვევაში მესაზღვრეებმა არ ჩათვალეს საეჭვოდ ამ ადამიანების ქვეყანაში შესვლა, რადგან დიდი ალბათობით მათ უმრავლესობას საბუთები წესრიგში ჰქონდათ.

„ამ ადამიანების უმეტესობა თავშესაფრის მაძიებელია. თუმცა არიან ისეთებიც და ეს ჩვენთან გასაუბრების დროსაც გამოიკვეთა ისეთი კატეგორია, რომლებსაც ჯერ განაცხადი არ გაუკეთებია, ან ფიქრობენ, გააკეთონ თუ არა განაცხადი. ზოგს ამოწურული აქვს ის 90 დღიანი ვადა, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმითაა გათვალისწინებული. მათ, ვისაც ეს ვადა ამოწურული აქვს და არანაირი სტატუსი არ გააჩნია და უბრალოდ უვიზო რეჟიმს არღვევს, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია მათი საქართველოში დაბრუნება. ხოლო მათ, ვინც თავშესაფრის მოპოვებაზე განაცხადი აქვთ გაკეთებული, ამ განცხადების განხილვას თავისი ვადები აქვს და ამ პერიოდში, ისინი ვერ მოხვდებიან სადეპორტაციო რეჟიმში, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ინდივიდუალურ ქეისებზე გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთში ოჯახებით არიან წასულები, ღამეს კარვებში ან ღია ცის ქვეშ ათევენ. ქუჩას “ქართველების კარვების” ქუჩა უკვე შეარქვეს. მოქალაქეები ამ ვითარებაში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი საფრანგეთში თაშესაფარს ითხოვს. მათი ნაწილი ამბობს, რომ განაცხადის შეტანის შემდეგ მათ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, თუმცა ამის მიუხედავად ისინი საფრანგეთს არ ტოვებენ და ღამეს მონპელიეს ქუჩებში კარვებში ათევენ. ისინი ამბობენ რომ სამშობლო მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონის გამო დატოვეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინას ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა
შემდეგი სტატიაგიროგი ქობულია ვერ გახდა “მაგარი ბიჭი”-პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი გაათავისუფლა