ჩვენმა ცვლილებებმა შედეგები უკვე გამოიღო – შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე სესხები აღარ გაიცემა

სკანდალი - ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მედიასთან ურთიერთობა აუკრძალეს

ჩვენს მიერ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო – სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე, აღარ გაიცემა შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე სესხები,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, სადაც ის მოხსენებით წარსდგა.

კობა გვენეტაძემ დეპუტატებს სესხებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს.

„საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სესხის მომსახურების 40%-ზე მაღალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის მსესხებლის მოწყვლადობას. ასევე, საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის. სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშრებით, კერძოდ, ბანკებს უფლება აქვთ რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია. ჩვენს მიერ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, რაც კარგად ჩანს სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში. საგულისხმოა, რომ ახალგაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაზრდილია ლარის წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ასევე, აღარ გაიცემა შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო. ამის შედეგად, მოსახლეობის დაკრედიტების ზრდის ტემპი ეტაპობრივად მდგრად დონეს მიაღწევს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი აზარტული თამაშების კანონპროექტის ჩავარდნას მონოპოლიური კომპანიის ინტერესების ლობირებას უკავშირებს