ჩვენი თავდაცვის 58-ე დღე წითელ პარასკევს დაემთხვა, დღეს, როდესაც ერთი შეხედვით, სიკვდილმა გაიმარჯვა, მაგრამ ჩვენ აღდგომის იმედი გვაქვს – ზელენსკი

“ჩვენი თავდაცვის 58-ე დღე სრულდება წითელ პარასკევს, ქრისტიანებისთვის წლის ერთ-ერთ ყველაზე მწუხარე დღეს. დღეს, როდესაც ერთი შეხედვით სიკვდილმა გაიმარჯვა, მაგრამ ჩვენ აღდგომის იმედი გვაქვს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები და სხვა შესაბამისი უწყებები თავიანთ მოვალეობებს ბრწყინვალედ ასრულებენ.

მანვე მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს, ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის გამარჯვებისთვის იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან.

“რუსეთმა უკრაინას სიკვდილი მოუტანა. დონბასში 8-წლიანი სასტიკი ომის შემდეგ, რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს სრულად განადგურება მოინდომა. უკრაინელებისთვის სიცოცხლის უფლების პირდაპირ წართმევა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად მძვინვარეა შეტაკებები, სიკვდილს სიცოცხლის დამარცხების შანსი არ აქვს, რადგან იმისთვის, რომ გააკეთო ის ყველაფერი, რაც რუსებმა უკრაინელებს ჩვენს ქალაქებში გაუკეთეს, შენ უნდა მოკლა ადამიანი შენში. ნებისმიერი რწმენის ადამიანს ამის გაკეთება უბრალოდ არ შეუძლია.

ამავდროულად უკრაინის შეიარაღებული ძალები თავიანთ მოვალეობებს ბრწყინვალედ ასრულებენ. დაზვერვა, ეროვნული გვარდია, ტერიტორიული თავდაცვის ძალები, პოლიცია, მესაზღვრეები – ყველანი 100%-იანი გამარჯვებისთვის მუშაობენ. გამარჯვებისთვის ასევე უნდა იმუშაოს ყველა მოქალაქემ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ ისინი და სადაც არ იყვნენ. თუ საზღვარგარეთ ხართ მხარი დაუჭირეთ უკრაინას, თუ ეკონომიკურ საქმიანობაში ხართ ჩართული, გააკეთეთ ყველაფერი, რომ უკრაინამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. თუ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებით, ეცადეთ, ოკუპანტებს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნათ”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალური მდივანი, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, კიევს ეწვევა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა