“ჩვენი სულიერი ერთობის წიაღშიც არის ცოდვაც, დაცემაც, გაუგებრობებიც, დაპირისპირებებიც კი, თუმცა ეს დაძლევადია”

მხოლოდ პრობლემის აღიარებით იწყება დაავადებული სხეულის გაჯანსაღების პროცესი, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, მკურნალობის სტრატეგიის სწორად განსაზღვრაზე და მკურნალობის გეგმაზომიერ, თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, მავანნი (რომელთაც განსაკუთრებული ვალდებულება აქვთ ერკვეოდნენ მსგავს საკითხებში) საერთოდ ვერ ხედავენ განსხვავებას ეკლესიის მისტიურ სხეულსა და მის ორგანიზაციულ-სტრუქტურულ, ინსტიტუციურ სხეულს შორის, რაც გვაფიქრებინებს, რომ ასეთები რეალობას არიან მოწყვეტილნი და ვგონებთ, „ნეტარებენ“; ამიტომ, მათთვის განვმარტავთ: როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ეკლესიაში კრიზისის ნიშნებს ვხედავთ, ეს უთუოდ მტკივნეულია, თუმცა, ეკლესიის ისტორიაში მრავლად ყოფილა კრიზისული ვითარებები, რომლის მთავარი მოქმედი პირები ადამიანები არიან (განსაკუთრებით სასულიერო წოდების წარმომადგენელნი). … და ეს ის მდგომარეობაა, როცა არათუ ქრისტე ტოვებს თავის ეკლესიას, არამედ ადამიანები ტოვებენ ქრისტეს, რაჟამს ზურგს აქცევენ მისი სწავლების ჭეშმარიტ არსს, და უგულებელჰყოფენ ქრისტიანული ეკლესიის სწავლა-მოძღვრებას, საეკლესიო კანონიკურ და დისციპლინურ დადგენილებებს!

მხოლოდ პრობლემის აღიარებით იწყება დაავადებული სხეულის გაჯანსაღების პროცესი, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, მკურნალობის სტრატეგიის სწორად განსაზღვრაზე და მკურნალობის გეგმაზომიერ, თანმიმდევრულ ნაბიჯებზე. ეს ეხება როგორც თითოეულ კონკრეტულ ადამიანს, ისე ადამიანთა მსოფლმხედველობრივ, პროფესიულ, პოლიტიკურ გაერთიანებებს.

ვისთვისაც ეს განმარტება არ აღმოჩნდება საკმარისი, სამწუხაროა, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უკიდურესად ვიწრო და მიკერძოებულ ხედვასთან გვაქვს საქმე. ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ არის გასაკვირი (თუმც კი ფრიად საწყენია), რომ მავანნი, ნაცვლად იმისა, რომ თავის საჯარო საუბრებში (ან ქადაგებისას) ისაუბრონ სულის ცხოვნებისა და ქრისტიანული ყოფა-ცხოვრების საკითხებზე, სხვადასხვა სახის სულიერ თუ ინსტიტუციურ პრობლემათა დაძლევა-გადალახვაზე, მორალურად იხარჯებიან კოლეგების, სულიერი ძმების შეურაცხყოფაზე, ეხებიან მათ წარმომავლობას, არ იშურებენ ცილისწამებას, სალანძღავ და ღირსების შემლახველ ლექსიკას; და რა ჰქვია ამას? ეს სწორედ რომ გახლავთ ლაკმუსის ქაღალდი კრიზისული მდგომარეობისა! ამის მოქმედთ სათანადო წარმოდგენა არ აქვთ ადამიანური ღირსების შესახებ; სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მათი ინტელექტი მოუცავს ამქვეყნიურ დამცრობილ ემოციებს.

ეს აზიანებს ქვეყანას! ეს აზიანებს ეკლესიას!

ჩვენ, თქვენი სულიერი წინამძღოლები, უნდა ვიყოთ თქვენთვის კეთილი მაგალითის მომცემი და ღვთის მადლში გამაერთიანებელნი, და არა დამყოფ-დამაპირისპირებელნი, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამ ყველაფრის თავი და თავი არის ისევ და ისევ რწმენის და ცოდნის დეფიციტი, ან, უფრო სხვა კუთხითაც შევხედოთ, როცა ადამიანში რწმენა და ცოდნა ერთმანეთთან თავსებადობაში ვერ მოდის; როცა ადამიანი ვერ იტევს ამ ორს ერთდროულად, მაშინ ის რომელიმე მათგანს ემიჯნება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი; ასეთი შეხედულებები, სულიერი ხედვები, ადამიანებში იწვევს არასწორ აღქმებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ზოგიერთისთვის ღმერთი უძრავი, უსულო რამ გამოსახულებად იქცევა, რომელიც გამოსახულია ხატზე, რომელსაც შეგიძლია ეამბორო, მაგრამ ამის იქით ღმერთს ვერ ხედავენ, იმიტომ რომ მათ ღმერთს საზღვრები დაუდგინეს, მათ ღმერთი „მოკლეს“. …მაგრამ, რამდენადაც ადამიანს უღმერთოდ ყოფნა არ ძალუძს (ასეა ბუნებითად), ისინი მას სხვა რამით ანაცვლებენ, რასაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან.

ღმერთი რომ ცოცხალი არსებაა, და შენი სიცოცხლით ჭირდება მას მიღება და ცხოვრებაში წარმოჩენა, განხორციელება და განსახიერება, ამის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის, იმის მიუხედავად ამბიონზე დგას იგი თუ ამბიონს ქვემოთ.

– ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. სარწმუნოება, როგორც ასეთი, არ არის ჩემი საკუთრება იმისთვის, რომ ჩემი დიქტატი განვახორციელო ვინმეზე;

– სარწმუნოება არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პიროვნების (ან პირთა ჯგუფის) საკუთრება;

– ღმერთი ყველასია და არავის აქვს მასზე „ექსკლუზივი“;

– ეკლესია არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, სადაც მორწმუნეთაგან დამალულად და დაფარულადკეთდება რაიმე.

ეკლესიაში არსებობს მხოლოდ შვიდი საეკლესიო საიდუმლო; და მათი საიდუმლოებად სახელდება ასახავს მათ მისტიურ, თვალისთვის უხილავ, გრძნობისთვის მიუწვდომელი მოქმედების ხასიათს, რადგან თუმცა კი ხილულად აღსრულდება რიტუალი, თვალისგან უხილავად, განსაკუთრებული მიზნისთვის მოხმობილი მადლი (საღმრთო ენერგია) გადმოდის ადამიანზე, რომელიც მასში მონაწილეობს. ამაშია მთელი საიდუმლოობა იმ საიდუმლოთა, რაც მოქმედებს ეკლესიაში.

დანარჩენად ჩვენ არაფერი საიდუმლო (ანუ, დასამალი) არ გვაქვს; ჩვენ გულახდილად, უშურველად და უშუალოდ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან პრობლემებზე, გამოწვევებზე, ჩვენი სულიერი ცხოვრების სირთულეების დაძლევის გზებზე, რათა ვიყოთ უფრო მდგრადნი და განვითარებაზე ორიენტირებულნი.

ის, ვინც განვითარებას გადაეღობება, ფაქტობრივად, სიბნელეში ყოფნას ამჯობინებს და მისი შენარჩუნებისთვის იბრძვის. ასეთი აზროვნებით კი ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ შეიძლება ვინმეს დაეხმარო სულიერ განვითარებაში ან ინტელექტუალურ ჩამოყალიბებაში. ასეთი აზროვნებით მხოლოდ ზიანი შეიძება მიაყენო ეკლესიის ცოცხალ სხეულს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მსგავს თემებზე; ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქრისტიანული სულიერი ერთობის ჯანსაღ განვითარებაზე და ამისთვის თითოეული ჩვენგანის პასუხიმგებლობა განუზომელია. მაგრამ არიან ადამიანები, ვისი პასუხისმგებლობაც კიდევ უფრო მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე თქვენთაგანისა, და მათ შორის, ვართ მე, თქვენი მღვდელმთავარი, საეკლესიო იერარქიის სხვა წარმომადგენლები და ბუნებრივია, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველივე სიკეთის მაგალითს უნდა გაძლევდეთ არამხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი ქმედებით; … და ვფიქრობთ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენი სულიერი ერთობის წიაღშიც არის ცოდვაც, დაცემაც, გაუგებრობებიც, დაპირისპირებებიც კი, თუმცა ეს დაძლევადია და ამის მკურნალია ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებში მეტი გახსნილობა, გულწრფელობა, ცოცხალი/აქტიური ორმხრივი/მრავალმხრივი კომუნიკაცია.

იმისთვის გვაქვს ჩვენ ეს ამბიონი დათმობილი, რომ ცოცხალი ღმერთის სიტყვა გიქადაგოთ და არ დავკავდეთ პერსონალურად ვინმეს ლანძღვა-შეურაცხყოფით, ცილისწამებითა და სხვა, ჩვენი პატივისთვის შეუფერებელი ქმედებებით; ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან ასე იქცევიან მხოლოდ შეგნებით მდაბიონი!

ვეცადოთ ჩვენში, ჩვენს შვილებში ნიადაგი გავანოყიეროთ სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, ურთიერთპატივისცემისთვის და პატივი ვცეთ ადამიანის ღირსებას. შენი თავის მიმართ რომ განსაკუთრებული პატივისცემა გაქვს და ღირსეულად მიგაჩნია, არ დაგავიწყდეს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ასეთი განცდა, მიუხედავად იმისა, შენ მოგწონს თუ არა ის, შენნაირია თუ სხვანაირია – თეთრია თუ ფერადკანიანიადა ა.შ. გახსოვდეს, რომ ყველანი ღმრთის შვილები ვართ და ადამიანები ერთმანეთს არ უნდა ვუყურებდეთ როგორც ცხოველებს, რომლებსაც შეგიძლია ნებისმიერ დროს შეურაცხყოფა მიაყენო და ძალადობა განახორციელო მათზე, მით უფრო, რომ ცხოველის მიმართაც კი მიუღებელია ცხოველური მოპყრობა, რადგან შენ ადამიანი ხარ!

და ბოლოს; ჩვენ რომ ქრისტიანები ვართ, უნდა გავიაზროთ და განვიცადოთ ის, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობა; ამას თუ შევძლებთ, დამერწმუნეთ, ჩვენი ურთიერთობებიც შედარებით დალაგდება. დამეთანხმებით, ალბათ, რომ თქვენს საკუთარ შვილებსაც არ აქვთ მაინცადამაინც ყველა ის თვისება, რომელიც თქვენ მოგეწონებათ; … და არც თქვენ გაქვთ ყველა ის თვისებები, რომლებიც თქვენი შვილებისთვის სანიმუშო იქნებოდა! მაშ, რა ვქნათ, როგორ ვასწავლოთ? როგორ აღვზარდოთ ისინი? გვინდა ვასწავლოთ? მაშინ, ჩვენ თვითონაც უნდა ვისწავლოთ. გვინდა ისინი სიკეთის გზაზე დავაყენოთ? მაშინ, უპირველესად, ჩვენ უნდა ჩავდგეთ სიკეთის სამსახურში.

მსოფლმხედველობრივად განსხვავებულმა ადამიანებმა შესაძლოა, (დიდი ალბათობით) ერთმანეთს ვერ გაუგონ, გააკრიტიკონ ერთმანეთი, საყვედური/შენიშვნა გამოთქვან ერთმანეთის მიმართ, მაგრამ სულ მცირე, ის მაინც უნდა შეძლონ, რომ ადამიანის ღირსება არ შელახონ”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია:1988 წელს, როდესაც მერაბ კოსტავა ზუგდიდში ჩავიდა, მან ასეთი სადღეგრძელო მიუძღვნა ქალაქს
შემდეგი სტატიაძალიან კმაყოფილი ვარ მე, რომ კობა დავითაშვილისა და გიორგი ანდრიაძის ქსენოფობიაზე აწყობილი საარჩევნო კამპანია შეფასდა – 0 პროცენტით